სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ევროკავშირთან, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის საკითხი.

როგორ წარიმართება ეს პროცესი და შეძლებს თუ არა საქართველო საშინაო დავალების ოპერატიულად და  ჯეროვნად შესრულებას? როგორც ევროკავშირის ცალკეულ სტრუქტურათა და ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერები აცხადებენ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი. 


ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ფუნდამენტალისტ ისლამისტთა გააქტიურების მიზეზებზე, რელიგიურ ურთიერთობათა თვალსაზრისით მოვლენათა განვითარების პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" კულტუროლოგ ლელა იაკობიშვილს ესაუბრა.

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
1 თებერვალი, 2010
-----------------------------------------

კულტუროლოგი 
ლელა იაკობიშვილი:

"ჩვენი ეპოქის ქართული კულტურა
ჯერჯერობით ვერ ახერხებს
შინაგანი რესურსის
ამეტყველებას



"ვერაფერი ამიხსნეს და სანგრების გათხრას მთავაზობენ. როდესაც მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაქვს, სანგარს კი არ ვთხრი, თეთრი ბაირაღით ვდგები და მშვიდობას ვთავაზობ სამყაროს. და როდესაც სათქმელი არაფერი მაქვს, მიბმული ვარ ფინანსურ დონორზე; იდეოლოგიურ დონორზე; ყველაფერი იმპორტირებული მაქვს" - "მთელ კვირას" კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი ესაუბრება.

* * * 

- რამდენიმე ხნის წინ თქვენ კრიტიკულად შეაფასეთ მიხეილ სააკაშვილის მინიშნებები სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით. ახლა კი ამ მესიჯებმა უფრო მკვეთრი კონტურებს შეიძინა: სააკაშვილი უკვე ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ სკოლებში სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს. საყურადღებოა, რომ მას მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის მინისტრი - ბაჩო ახალაია. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის შესაძლებელი, საბოლოოდ, ხელისუფლების მილიტარისტული რიტორიკა ჩვენს ეროვნულ კულტურასთან თავსებადი აღმოჩნდეს?

* * * 

- ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა რეჟიმში არსებობს ზოგადად, ჩვენი კულტურა. იგი იმდენად არაექსპანსიურია, რომ საკუთარი ე.წ. კულტურული ძალმოსილება მის გარშემო მყოფ ეთნოსებზე (კავკასიას ვგულისხმობ) არ გაუვრცელებია.

* * * 

გავიხსენოთ, სულ რამდენი დამწერლობაა მსოფლიოში. მათ შორის არის ქართული ანბანი. ანბანი ძალაუფლების იარაღია, და აი, ამ გრაფიკული ნიშნებით, რომლითაც ქართული ანბანი ქართულ კულტურას ქმნიდა, მას ძალიან იოლად შეეძლო, ექსპანსია ეწარმოებინა. მას თავისუფლად შეეძლო, გამხდარიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიური ენობრივი მედიუმი. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია სწორედ არაექსპანსიური ბუნების გამო.

* * * 

და თუ ქვეყანა არაექსპანსიურია, ეს ნიშნავს, რომ მისი კულტურული რეჟიმი რაღაც სხვა ფორმატში მუშაობს და არა - ძალაუფლების ფორმატში. ეს სხვა ტიპის იდენტობაა; საკუთარი შემოქმედებითი რესურსის ძიებაა, ავტონომიური შემოქმედებაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი სხვა კულტურას არ იღებდა: გასათვალისწინებელი ის არის, რომ ქართველი უცხოს არ ახვევდა თავს საკუთარ კულტურულ რეჟიმს, კულტურულ პარადიგმას.

* * * 

პატრიოტიზმი სრულიად ბუნებრივი რამ არის იმ შემთხვევაში, როდესაც ხვდები, თუ რა ღირებულებით საზრისს ატარებ სხვა კულტურათა კონტექსტში. მარტივად რომ ვთქვათ, შენ ცოცხალი ხარ და ფეთქავ იქ, სადაც სხვებიც ცოცხლები არიან და ფეთქავენ. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურათა დიალოგის აღსაწერად, გასაგებად და კიდევ იმისათვის, რათა გავიგოთ, სად არის პატრიოტიზმი სად - მილიტარიზმი. თუკი ამას გავიგებთ, მაშინ გასაგები იქნება, რა გვინდა, რას ვგულისხმობთ ცნებაში "სამხედრო-პატრიოტული აღზრდა".

* * * 

სრულიად ნათელია, რომ ჩვენ სამხედრო კულტურა არ გვაქვს. სამხედრო კულტურა ნიშნავს მილიტარისტულ რეჟიმში აზროვნებას. სამხედრო კულტურა აქვთ რუსებს. მთელი რუსული კულტურა შეთანხმებულია, რომ ის სამხედრო ელიტით აწყობილი სტრუქტურაა. რუსეთში სწორედ იგი იძლევა ქცევის პირველნიმუშებს. რუსი გენერალი რუსულ კულტურაში ყველაზე ელიტურ პერსონად მიიჩნევა. გენერლის ცოლი რუსეთში ქალისათვის ყველაზე მაღალი სოციალური სტატუსი იყო და არის. ასეთივე დამოკიდებულებაა საქართველოში? რომელიმე ქართველ გოგონას უნდა, გენერლის ცოლი იყოს?

* * * 

ასე რომ, ქართული კულტურა სრულიად სხვა ტიპის კულტურაა. და როგორც კი ჩემი ბუნებრივი რეჟიმიდან გამოვდივარ და პატრიოტიზმს სამხედრო პატრიოტიზმს ვარქმევ, პრობლემა მექმნება. ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანია არა სამხედრო, არამედ სრულიად სხვა ტიპის შემოქმედება. თუმცა, სამხედრო კულტურა, ასევე, შემოქმედებაა; ისიც სტრატეგიული აზროვნებაა, ისიც სამყაროს ათვისების მცდელობაა, ოღონდ ჩემთვის ეს არაბუნებრივია. უფრო მეტიც: არაორგანულია. პატრიოტიზმი კი ჩემთვის ორგანული იმდენად არის, რამდენადაც საკუთარ ღირსებას ვადასტურებ; ვადასტურებ საკუთარი ღირებულებების თანაზომადობას მსოფლიო კულტურის ღირებულებებთან.

* * * 

შარშანწინ, როდესაც განათლების მინისტრად ნიკა გვარამია დაინიშნა, მან უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე დაიწყო საუბარი. მალე კულტურის მინისტრიც შეიცვალა და ახალმა მინისტრმა, ნიკა რურუამ გვითხრა: "ჩვენი უსაფრთხოება კულტურაზე გადის". ეს ურთიერთგამომრიცხავი კონცეფციები იყო. სკოლაში პრობლემები მართლაც არსებობს, მაგრამ ეს კონცეფცია ჩემთვის, უბრალოდ, თავზარდამცემი იყო. სკოლას თავისი ფუნქცია აქვს. ის არის აკადემიური დაწესებულება. ხოლო აკადემიზმის უსაფრთხოება სკოლაში კი არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, არამედ სკოლის გარედან. ამიტომ, როცა ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, უნდა გავარკვიოთ: რა კულტურა გვაქვს, რა ღირებულებების მატარებლები ვართ და სად მიგვყავს ჩვენი ბავშვი. სამხედრო-პატრიოტული აღზრდა - ეს უკვე არის მილიტარისტული მესიჯი. იგი მიმანიშნებს, რომ ბავშვობიდანვე უნდა გადავიდე სრულიად სხვა რეჟიმზე; ჩემი კულტურა სამხედრო ენაზე უნდა ავამეტყველო. ამას კი 4-მილიონიანი ქვეყანა ერთადერთ შემთხვევაში აიტანს - თუკი მოვახერხებთ და საკუთარი უსაფრთხოების ისეთ სისტემას ავაგებთ, რომელიც მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ აქ ვერავინ უნდა შემოიხედოს. აი, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების მესიჯი გასაგები იქნება.

* * * 

აქვე ვიტყვი, რომ უსაფრთხოებას ორი განზომილება აქვს: პირველი - იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო, ვიღაცაზე ძლიერი უნდა ვიყო; და მეორე: იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო, ვიღაც უნდა მიცავდეს. კულტურა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ცოცხალი, თუკი ის გრძნობს, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი. სხვა შემთხვევაში, მას არსებობა არ უწერია.

* * * 

რაც შეეხება მეორე განზომილებას: როდესაც მე ვიღაცაზე ძლიერი ვარ, მაშინ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ ვარ. რა პრინციპით შეიძლება, ვიღაცაზე ძლიერი ვიყო? 4-მილიონიანი ქვეყანა, როგორი სამხედრო ინსტიტუციონალიზაციაც უნდა ჰქონდეს მას; როგორი გაწრთვნილი ჯარიც ჰყავდეს, როგორ შეიძლება, წინ აღუდგეს ყველაზე ცუდად შეიარაღებულ, ყველაზე ცუდად ინსტიტუციონალიზებულ, 200-მილიონიანი ქვეყნის ჯარს? მრჩება სხვა გზა: შევქმნა ისეთი ტიპის დაცვა, როგორსაც ქმნიდნენ თავის დროზე ამერიკა, საბჭოთა კავშირი, როგორსაც ახლა ქმნის ირანი და ა.შ. ანუ, დავიწყო ფიქრი ისეთი ტიპის იარაღის შექმნაზე, რომელიც საშიშროებას შეუქმნის სხვას, ხოლო მე უსაფრთხობის განცდას მომანიჭებს. თუკი მე საფრთხეს განვიცდი და ვიცი, რომ ჩემი რესურსი არ არის ჩემი ფიზიკური ძალა (საუბარია 4-მილიონიანი ქვეყნის ჯარზე) მაშინ მრჩება უსაფრთხოების სხვა იარაღი - ინტელექტი.

* * * 

ყველამ იცის, რა საფრთხეების წინაშე იმყოფება ახლა საქართველო. ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის გასაგებია, სკოლაში ამოქმედდეს აღზრდის ისეთი სისტემა, როცა შესაძლებლობა მექნება, ინტელექტის აბსოლუტური რესურსი ავამუშავო, და ამით არამხოლოდ ფუნდამენტურ მეცნიერებებში გავძლიერდე, არამედ ახალი სტრატეგია მოვიფიქრო ჩემი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ისევე, როგორც, მაგალითად, რუსულ-ამერიკული - ცივი ომი მოიგო ე.წ. "ვარსკვლავების პროგრამამ", ანუ სამხედრო ტექნოლოგიებთან ამერიკული ინფორმაციული ტექნოლოგიების დაპირისპირებამ. ახლა ეს ინფორმაციული ტექნოლოგიებიც კი სხვისი იარაღია. ანუ, მე კიდევ სადღაც სხვაგან უნდა წავიდე - ისევ ინტელექტით. მაგრამ იმ ფონზე, როცა დღეს საქართველოში სკოლას ეს პოტენციალი პრაქტიკულად არ აქვს, ძალიან მეეჭვება, რომ შევქმნით დაცვის ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენი ინტელექტით უზრუნველყოფდა ჩვენივე უსაფრთხოებას. კოსმიურ ხანაში, ინფორმაციული კულტურის ერაში ანაქრონიზმად მეჩვენება სკოლაში სანგრის გამთხრელი ჯარისკაცების გაზრდა. ცნებაში - "სამხედრო" - რა იგულისხმება, ჩემთვის არავის განუმარტავს. მე მითხრეს, რომ ბავშვმა იარაღის დაშლა-აწყობა, სანგრის გათხრა უნდა ისწავლოს. ანუ, უნდა გახდეს რა? საზარბაზნე ხორცი?

* * * 

არავის უთქვამს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს აკადემიური პროცესის გაძლიერებას, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ძალების აკუმულირებას და მასზე აქცენტირებას. არავის უთქვამს, რომ ჩვენ ისეთი კულტურა უნდა შევქმნათ, რომლის განადგურებას აღარავინ შეეცდება. პეტერბურგი ჰიტლერმაც კი დაინდო. აქ არამხოლოდ ფუნდამენტურ მეცნიერებათა გაძლიერებაა საჭირო, არამედ კულტურული რესურსის გაცოცხლების ისეთი კერა უნდა შეიქმნას, რომ ყველაზე საშიშ მილიტარისტს დაენანოს მისი განადგურება. თუკი პატრიოტული აღზრდა ამას გულისხმობს, მაშინ ეს მართლაც შეიძლება იქცეს უსაფრთხოების სისტემად. ასეთ შეთხვევაში ჩვენი კულტურა ისეთ რეჟიმში გადაეწყობა, რომ ჩვენი შემოქმედებითი რესურსი არათუ გაუტოლდება მილიტარისტული ქვეყნების შემოქმედებით რესურსს (არა მილიტარისტული თვალსაზრისით), არამედ სრულიად სხვა პარადიგმას, კულტურის ახალი რეჟიმს შევთავაზებთ მსოფლიოს. ასეთ შემთხვევაში, უსაფრთხოება გამომივა - იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მათ მოუწევთ იმის ათვისება, რასაც მე ვთავაზობ; და მეორე: ვიღაცის მიმართ კი არ ვდგინდები ასეთ შემთხვევაში, როგორც კულტურის სუბიექტი, არამედ საკუთარ თავში ვეძებ ჩემივე საყრდენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი სკოლის მოსწავლე ღირსების ამ ფორმატით უნდა აღიზარდოს, მაშინ ვეთანხმები პატრიოტიზმს. რასაკვირველია, არ ვამბობ იმას, რომ ჯარი არ უნდა გვყავდეს და ჯარისკაცს ჯარისკაცური ღირსება არ ჰქონდეს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით თანაზომადი იყოს რესურსისა, რომელიც ან მაქვს, ან - არ მაქვს.

* * * 

მაგრამ როდესაც უსაფრთხოების თემა ისეთ მესიჯზე დაიყვანება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ეს უკვე ქართული პოლიტიკის კრიზისზე მიუთითებს. ამიტომ არის, რომ მედიას არაფერი აქვს სათქმელი. იგი ისედაც ინსტრუმენტია, მაგრამ - რისი ინსტრუმენტი, უკვე თვალსაჩინო აღარ არის.

* * * 

- მაგრამ არაერთი ექსპერტი შენიშნავს, რომ კრიზისი, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაში არსებობს, სწორედ მედიის პრობლემას უკავშირდება, და მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ გარედან, დასავლეთის ჩარევით. ამაზე რას ფიქრობთ?

* * * 

- თავისუფლებას სხვა არ მანიჭებს. თუკი თავისუფალი ვარ, ვინ შეიძლება მკარნახობდეს ჩემივე ქცევის ფორმატს? ღირსება და ჩემი შემოქმედებითი რესურსი უმნიშვნელოვანესი რამ არის, რითიც შესაძლებელია ჩემი კულტურის ხმის გარეთ გატანა მედიის საშუალებით. მედია გამტარია. მას თავისუფალი სიტყვა ათავისუფლებს. თავისუფალი სიტყვა კი შემოქმედებითი სიტყვაა. მედია მხოლოდ ასეთ სიტყვას ატარებს თავისუფლად.

* * * 

არ მჯერა, რომ ვიღაც სხვა აქ მედიას გამითავისუფლებს. არ მჯერა იმიტომ, რომ ჩვენი ეპოქის ქართული კულტურა ჯერჯერობით ვერ ახერხებს შინაგანი რესურსის ამეტყველებას. როგორ შეიძლება, ღირსებას სხვა მანიჭებდეს? სხვა მათავისუფლებდეს?

* * * 

- საყურადღებოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მკვეთრად იყო დაცემული, ახლა ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. როგორ ფიქრობთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას რეფლექსიის უნარი არ აქვს?

* * * 

- რატომ დაბრუნდა იმ ნიშნულზე? - იმიტომ, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას ვერ შესთავაზა კონცეპტუალური ალტერნატივა. ხელისუფლებას კი ქმედითობის რაღაც ნიშნები ჯერ კიდევ რჩება - შესაძლოა, აგრესიული, მაგრამ - ქმედითი.

* * * 

- მაგრამ, თუკი ეს ქმედითობა პოზიტიურ კონტექსტს პრაქტიკულად არ შეიცავს?

* * * 

- როდესაც არანაირი კონტექსტი არ არსებობს, მაშინ შეიძლება, სწორედ ნეგატიური ქმედითობა ავირჩიო - იმიტომ, რომ მასში სიცოცხლეს ვხედავ.

- თქვენ ამით გამართლებას უძებნით ქართული საზოგადოების არჩევანს?

* * * 

- საზოგადოების უნიჭო არჩევანს ვუძებნი გამართლებას. დღეს არ არსებობს ხელისუფლების კონცეპტუალური ალტერნატივა. აი, აქ უჭირს საზოგადოებას: როგორ უნდა მოიქცეს? სიკვდილს ცუდად სიცოცხლე ურჩევნია.

* * * 

- მიგაჩნიათ, რომ ეს ლოგიკური არჩევანია?

* * * 

- სრულიად ლოგიკურია - იმიტომ, რომ ხელისუფლების ქმედებებში სიცოცხლე შეინიშნება. ოპოზიციის ქმედებებში კი, გარდა სამიტინგო განწყობილებებისა, არაფერია.

* * * 

ახლა "ახალი რეალობის" წინაშე ვდგავართ. რუსეთმა შემოიტანა ეს ცნება, და არცთუ უსაფუძვლოდ. ახალი რეალობა - ეს დე-ფაქტო რეალობაა. სამწუხარო რეალობა. ეს გადასააზრებელი აქვს ხელისუფლებასაც ოპოზიციასაც. და როცა ვერც ერთი მთავაზობს კონცეფციას, გაჩერება შეუძლებელია. ან უნდა ჩავარდე, ან უნდა დაფრინავდე. შეუძლებელია ჰაერში გაჩერება.

* * * 

რეალობა უმძიმესია. მოსახლეობის 84% სიღარიბის ზღვარზე და მის ქვემოთ იმყოფება. მშიერი კაცის ღირსება კი ის არის, რომ საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომელიც არამხოლოდ შიმშილს დააძლევინებს, არამედ სხვა სიმაღლეზეც აიყვანს. ხელისუფლების მოვალეობა შემოქმედებითი რესურსის გაცოცხლება იყო. აი, ეს არის ხელისუფალის გასაკეთებელი და არა ის, რომ უფასო სასადილოში ერთჯერადად გამომკვებოს. ხოლო როდესაც არსებობისთვის ბრძოლა პირდაპირ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის, სიცოცხლეს არჩევს რიგითი მოქალაქე - იმ პრინციპით მიებას ხელისუფლებას, რომელიც გადარჩენის (და არა მატერიალური კეთილდღეობის) შანსს დაუტოვებს. მდაბიო პოლიტიკა მდაბიო საზოგადოებას შობს და მდაბიო საზოგადოება - მდაბიო პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს. ახლა ეს მოჯადოებული წრე არის გასარღვევი. ვერაფერი ამიხსნეს და სანგრების გათხრას მთავზობენ. როდესაც მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაქვს, სანგარს კი არ ვთხრი, თეთრი ბაირაღით ვდგები და მშვიდობას ვთავაზობ სამყაროს. და როდესაც სათქმელი არაფერი მაქვს, მაშინ მიბმული ვარ ფინანსურ დონორზე; იდეოლოგიურ დონორზე; ყველაფერი იმპორტირებული მაქვს; ექსპორტის უნარი არ მაქვს. უნდა გითხრათ, რომ ეს პრეტენზია ოპოზიციის მიმართ უფრო მაქვს, ვინაიდან ხელისუფლება დასავლური ღირებულებების სუროგატს მაინც მთავაზობს. ოპოზიცია კი - ვერაფერს. რესპუბლიკელებიც, ასევე, ვერაფერს მთავაზობენ კონცეპტუალურს. განსხვავება ის არის, რომ ხელისუფლება აგრესიულად ამკვიდრებს თავის ფსევდოდასავლურ ღირებულებებს, რესპუბლიკელებს კი ფსევდოდასავლური ღირებულებების ცოდნა თავიანთთვის აქვთ. რესპუბლიკელები და ხელისუფლება იდეოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან; განსხვავდებიან ქმედითუნარიანობის თვალსაზრისით. იმას კი არ ვამბობ, რომ რესპუბლიკელებს არ უნდათ, ლიბერალურ და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ საქართველოში ვცხოვრობდეთ; უნდათ, და შეიძლება უკეთესადაც იციან, რა არის დასავლური ღირებულება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ დაბადებულა საქართველოს წიაღში ის, რასაც ისინი მთავაზობენ. შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ, ამ ღირებულებებით იმპულსი მიაწოდონ ერის შემოქმედებით უნარებს. აი, ამიტომ, ეს ღირებულებები ვეღარ ცოცხლდება.


ინტერვიუ გამოქვეყნებულია ნათია ახალაიას მიერ.

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
05 ნოემბერი, 2007 
-------------------------------------------
კულტუროლოგი 
ლელა იაკობიშვილი:

"... ადამიანს იქ უნდა ყოფნა, 
სადაც სულს გაუხსნიან. 
სად არის ასეთი ადგილი საქართველოში?"



- დღეს ქართული კულტურის რეჟიმი მხოლოდ ძალაუფლების დისკურსში მეტყველებს. ის მხოლოდ ერთ რამეს მეუბნება: არაფერი მაინტერესებს - გარდა იმისა, რომ ვიღაც მეორეზე ვიყო მოძალადე. აქ ლაპარაკი არ არის ხელისუფლებაზე ან ოპოზიციაზე. აქ ლაპარაკია ერთმანეთის მიმართ იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც უცებ ამეტყველდა - აი, ამ რეჟიმში.

რა ვქნათ? როგორ მოვახერხოთ ამ ჯოჯოხეთის შეჩერება? ვინ უნდა მოახერხოს ეს? არსებობს კრიტიკული მასა იმ ადამიანებისა, ვისთვისაც ღირებულია მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, მადლი? ვისთვისაც გაცილებით ღირებულია ქვეყნისა და მომავლის ინტერესები, ვიდრე ძალაუფლება? იმ ლექსიკით, რომლითაც ვმეტყველებთ, მოდის ისეთი აღწერა ჩვენი სულისა, რომ მეშინია: ორიენტირი აღარ არსებობს. 

ერთი პერიოდი ძალიან ვნერვიულობდი, - სუროგატად ვიქეცით-მეთქი ევროპული კულტურის, ამერიკული კულტურის, ან გვინდა, რომ სუროგატად მაინც ვიქცეთ-მეთქი. სუროგატი ნიშნავს, რომ ნიშნებს მაინც ატარებ - მკვდარს, მაგრამ მაინც - ნიშნებს - რაღაც ნაღდის. ახლა რა ნაღდზეა ლაპარაკი? უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ყველა იდეამ პროფანირება განიცადა. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დავკარგეთ: სულის სინათლე. გაღიმების უნარი. მესმის, რომ მსოფლიო პოლიტიკაა ულმობელი, მაგრამ კულტურა მას, რაღაცნაირად, არეგულირებს. კულტურა არის არსებობის პირობა და არსებობის რეჟიმი. გამოდის, რომ არსებობის პირობა და არსებობის რეჟიმი აღარ გვაქვს. როგორც კი განმანათლებლობის მიმართ ინტერესი ჩაქრა და დიპლომის მიმართ გაჩნდა, აშკარა იყო, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა. დღევანდელი ევროპული კულტურა განმანათლებლობამ ააგო. ჩვენ კი - ისევ განათლების სუროგატით ჩავანაცვლეთ. განათლება მხოლოდ წიგნიერებას არ ნიშნავს. ის სულის სინათლეს ნიშნავს. ვანათებ სადმე? ვინმე მოდის ჩემკენ იმიტომ, რომ აქ სინათლეა? ამ თვალსაზრისით, ორიენტირები არა მხოლოდ დაკარგულია: მე არც კი ვეძებ ჩემს ეგზისტენციალურ საყრდენებს. იდენტობა აღარაფერთან მაქვს. როგორ უნდა მოვიქცე ახლა? ხომ შეუძლებელია, ვინმეს მხარდამჭერი გავხდე? მაშინ ყოველივე ადამიანური უნდა დავკარგო. იმიტომ, რომ: "რა მახვილითაც განგმირავ, იმ მახვილით განიგმირები". ცხრამეტი წლის ისტორია ამას ხომ ღიად მეუბნება! ყველამ, განსაკუთრებით - პოლიტიკურ დისკურსში, ვინც რაღაც უზნეო მოინდომა, სწორედ იმავე ტექნოლოგიით წავიდა პოლიტიკური სივრციდან. არ მინდოდა პოლიტიკაზე მესაუბრა, მაგრამ დღეს სწორედ ამით არის მოცული - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ინფორმაციული სივრცე. ახლა ჩვენთან ტელევიზია ერთადერთი ცოცხალი სივრცეა მთელი კულტურული რეჟიმისათვის. და, თუ კულტურა მხოლოდ ეკრანზე თამაშდება, მაშინ ტელევიზიების პასუხისმგებლობა არის ყველაზე მაღალი. ღმერთმა ნუ ქნას, მითი მედეას შესახებ აქ - ჩვენს მიწაზე გადათამაშდეს. მედიის პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია და, თუ ის შვილებზე გალაშქრებას მოინდომებს, ეს აშკარად შვილების სიკვდილით დამთავრდება. ბერძნულ ტრაგედიაში ეს მხოლოდ მითოლოგემა და მხოლოდ მეტაფორა იყო. 

უკვე მესამედ მიხდება ამაზე ლაპარაკი: პირველმა არხმა საშინელი პასუხისმგებლობა აიღო სამოქალაქო ომის თაობაზე; "რუსთავი - 2-მა" - "ვარდების რევოლუციის" დროს. იმედიღა დარჩა - ისევ მეტაფორას ვამბობ - რომ მედია შვილებს აღარ მოკლავდა. ეს იმედიც გვიკვდება. შეიძლებოდა, ეს ეგზისტენციალურ ვითარებაში გადათამაშებულიყო. მესმის, რომ სერიოზულ ბრალდებებს ვამბობ. მედეა ტრაგიკული პიროვნება იმიტომ კი არ არის, რომ ქმარმა უღალატა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ბუნება - დედობა მოკლა საკუთარ თავში. ახლა, როცა ეს ყველაფერი ეკრანზე, მედიალურ სივრცეში თამაშდება, მედიამ ეს უნდა იცოდეს. შეიძლება, დღეს, ჩვენ თვალწინ, პირდაპირი აზრით გადათამაშდეს ის ტრაგედია, რომლის მითოლოგემაც სადღაც, შორეულ წარსულში ბერძნებმა დადეს. 

* * * 

ყველაფერი მოხდა საქართველოში, რომ ქართველს ხელისუფლების მიმართ აგრესია გასჩენოდა. ყველაფერი მოხდა, რომ უნდობლობა გაგვჩენოდა იმ ძალების მიმართ, რომლებსაც ისევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და მეტი არაფერი. დავუშვათ, რომ ხვალ ხელისუფლებაში ისინი მოვლენ - სრულიად გაურკვეველი კონგლომერატი, სხვადასხვა მსოფლმხედველობით, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსით, სხვადასხვა მკვებავით საქართველოს გარედან - ფინანსურად თუ იდეოლოგიურად. მათ ძალაუფლების მქონე ადამიანის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ხვალ რას იზამენ? განათლების სისტემას მოუვლიან? სოციალურ პრობლემებს მოაგვარებენ? ადამიანში სიკეთის სხივს შეიტანენ? შემოქმედებით უნარებს გააცოცხლებენ? პოლიტიკა ერთიან სისტემაში მოქცეულ ადამიანებს ურთიერთობების დალაგებაში უნდა მიეშველოს, სოციალური სივრცის სტრუქტურირება უნდა მოახდინოს. იზამენ ამას? რა მართვის სქემას მთავაზობენ - დემოკრატიას? და, თუ იმ პრინციპით მთავაზობენ დემოკრატიას, რა პრინციპითაც - მიტინგებს, მე ასეთი დემოკრატია არ მინდა. მიტინგზე ვერ გავალ - ჩემთვის მისაღებ როგორ თემებზეც უნდა იყოს იგი. ხომ ფაქტია, რომ ერთმა აგრესია გამიჩინა, მეორემ კი ნდობა დამიკარგა! 

* * * 

... შემიძლია, როგორ გადავრჩე, იცით? - როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, - წავიდე სულიერ ემიგრაციაში. მიყვარს წიგნები, ვიღაც ავტორების მიმართ ჩემი მგრძნობელობა მაქვს. იმათთან ვიქნები და ამათთან არ ვიქნები. მაგრამ, როცა ყველა სახლიდან "ღია ეთერის" ხმა ისმის - ისევე, როგორც წინა პერიოდში "კურიერის" ხმა ისმოდა? არ მინდა, ვინმეზე ცუდი ვთქვა, მაგრამ: ჯერ ინგას გრიგოლიას მოვუსმინო და მერე ლოცვა წავიკითხო? ყველაზე დიდ ტექსტთან მივიდე? ხომ შეუძლებელია ეს?! ხომ ვიცით, რომ პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ტელეეკრანზე. ხომ ვიცით, რომ ეკრანზე არც ოპოზიციური აზრი უნდა კეთდებოდეს. ხომ ვიცით, რომ კორექცია უნდა ხდებოდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და არა რევოლუციური დესტრუქცია. ხელისუფლებამაც ხომ იცის, რამდენი შეცდომა დაუშვა. რამდენი ადამიანი ულუკმაპუროდ, უსაცხოვრისოდ დატოვა და, საერთოდაც, რამდენ ადამიანს მოუსპო არა მხოლოდ პური არსობისა, არამედ ეგზისტენციალური საყრდენიც. 

პასუხისმგებლობა მარტო ხელისუფლებას და ოპოზიციას არ ეკისრება. ის ეკისრება მედიას. მეტიც: თუ დღეს მედიის ზნეობრივი მეტამორფოზა არ მოხდება, აქ ერთეულებიც ვეღარ გადარჩებიან. აქ საქართველოს იდეა ვეღარ გადარჩება. ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, როგორ წარმოუდგენია საქართველო, როგორი უნდა იყოს მისი ქვეყანა - ის ამაზე ვერაფერს გეტყვით. თვრამეტი წლის განმავლობაში, დემოკრატიის, როგორც მართვის სისტემის, ღირებულებითი საზრისის პროფანაცია მოხდა. გამოცდილებამ მხოლოდ ის მიჩვენა, რომ დემოკრატია თურმე არის: კაცის კვლა, ანგარიშსწორება, ნგრევა, დესტრუქცია. 

თუ მე, რიგითი ქართველი ევროპაში არასდროს ვყოფილვარ, რა წარმოდგენა უნდა მქონდეს დემოკრატიაზე? მაშინ, რა მინდა? არც ვიცი. ქვეყნის მართვა ისეთი რთული რამ იყო, რომ მეფედ ბავშვობიდან ზრდიდნენ. ჩინოვნიკობა თავს არ ატყდებოდათ ოცი წლის ასაკში. ოცი-ოცდახუთი წლის ახალგაზრდა ყმაწვილებმა, უცებ, მართვის სადავეები ხელში ჩაიგდეს (ჩაიგდეს - იმიტომ, რომ მათ ეს არ მოუპოვებიათ შინაგანი ძალისხმევით) და, ასეთ სიტუაციში, ხომ ცხადია, რომ ისინი ვერაფერში გაერკვეოდნენ! ისინი საკუთარ არსებაში ვერ ერკვევიან! 

ტერორისტული აქტების დროს საინფორმაციო სივრცეში ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, რომ პასუხისმგებლობა აიღო რომელიღაც კონკრეტულმა ორგანიზაციამ. ანუ, ვიღაცებმა იციან, რას სჩადიან. ისინი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. აქ კი: ერთი უწესო მეორე უწესოს აკისრებს პასუხისმგებლობას. 

მედიას წინა პლანზე ის ღირებულებები გამოაქვს, რომელსაც, ალბათ, თვითონ ატარებს, მე კი იმასაც მიკლავს, თუკი რაიმე ცოცხალი და მგრძნობიარე არის მაღალი კულტურის მიმართ. ის ტრაგიკული მედეას გროტესკული, მდაბიო ორეულია. მედეას სრულიად ეგზისტენციალური პრობლემები აქვს: ის ღმერთს უცხადებს პროტესტს და საკუთარ თავში კლავს ყველაზე ღვთაებრივს - დედას. ესენი რას შვრებიან? საკუთარ შვილებს თოფს ესვრიან. რომელ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? საერთოდ კი, პასუხისმგებლობას სხვა ვერ გაკისრებს. მას შენ იღებ საკუთარ თავზე. გინდათ მითხრათ, რომ ნებისმიერ ტელევიზიას ჩვენ ვუყვარვართ? ინფორმაციული აგენტები, რომლებიც წინ არიან წამოწეულნი ე. წ. "ფეისების" სახით, რაღაცას დრამატულად და მტკივნეულად იღებენ თავიანთ თავზე? მათთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერ კიდევ ეკრანზე ჩანან. 

პიარი ვარდების რევოლუციის დროს, მუშაობდა, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგია ("რუსთავი - 2-ს" ვგულისხმობ) - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართლაც ტექნოლოგიურად აწყობილი სქემით მიდიოდა. ახლა საინფორმაციო ომიც აღარ არის. ეს არც საინფორმაციო ტერორია. პიარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! 

* * * 

ჩემი თაობის ადამიანები მამარდაშვილის ლექციებზე დადიოდნენ. მე მინდოდა მის სივრცეში ყოფნა, მინდოდა, მისგან მართული ვყოფილიყავი - იმიტომ, რომ იქ ვიზრდებოდი. ადამიანს იქ უნდა ყოფნა, სადაც სულს გაუხსნიან. სად არის ასეთი ადგილი საქართველოში? ახლა მთაშიც ვეღარ გავიქცევი - იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის პრიორიტეტი ტურიზმი გახდა. მე კი ჯერ კიდევ სტუმარ-მასპინძლობის პარადიგმაში ვცხოვრობ. კულტურა ასეთი ეგზისტენციალური საყრდენებისგან შედგება. მას თუ გამოაცლი, აგრესიულ ველურად იქცევი. 

* * * 

სარკეში რომ ჩავიხედავ, იქნებ ვთქვა: "ღმერთო ჩემო, რას ვგავარ!" ეს სარკე კი ტელევიზიაა. იქნებ, მართლაც ეს არის გზა, რათა სულიერი მეტამორფოზა განვიცადო? სხვა გზა ახლა არ მესახება. თუმცა, ჩემი თაობა ძალაუფლებაზე ორიენტირებული თაობაა... "არ მეშინია" კი არა, სწორედ ახლა მეშინია.



ინტერვიუ გამოქვეყნებულია ნათია ახალაიას მიერ.





"რეზონანსი"
21 ნოემბერი, 2009

-------------------------------------------
კულტუროლოგი 
ლელა იაკობიშვილი:
"არ არის ეს ის, რასაც მე გავიგებ"






ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია და იქ კიდევ ერთელ ისაუბრა ილიას გზაზე. რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ილიაზე მუდმივი აპელირება და სინამდვილეში, რა ღირებულებებით ვმოძრაობთ თანამედროვე სამყაროში?

"რეზონანსს" კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი ესაუბრება.

- უკანასკნელი ორი საუკუნის განმვლობაში დრო ძალიან სწრაფად გადის: "იზიპება". ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს ცხოვრება იმ პარამეტრებით, რომლითაც XIX საუკუნის საქართველო იწყებდა. სრულიად ახალი სუნთქვა, ახალი ეპოქა შემოვიდა მაშინ ქართულ კულტურაში - თუ ის კულტურა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ალბათ, იყო - იმიტომ, რომ შესაძლებელი გახდა, იქ ამეტყველებულიყო ილია. XIX საუკუნის 60-იანი წლები ძალიან ჰგავს ქართულ მილენიუმს: აქაც ღირებულებათა გადაფასება ხდება. ილია ამბობდა, რომ იქ არსებული იდენტობები იყო ენა, მამული და სარწმუნოება, და რომ მოსანიშნი იყო ახალი იდენტობები: ერი, სახელმწიფო. მათ კი ევროპული ღირებულებები ექნებოდა საფუძვლად: განმანათლებლობა, კომუნიკაციები და ფული. აი, ამ სამ ახალ იდენტობას უნდა აეგო ახალი ერი-სახელმწიფო. ეს იდეა, რა თქმა უნდა, დასავლური ღირებულებების ფორმატში უნდა განხორციელებულიყო, თუ გვინდოდა, რომ ევროპული განწყობილებები აქ გაცოცხლებულიყო. სხვათა შორის, ილიამ სამივე მიმართულებით ჩააგდო მარცვალი: დააარსა საადგილმამულო ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მეოთხე დასი, რამდენიმე ჟურნალ-გაზეთი - ახალი იდენტობების თესლი ჩაიგდო. ჩვენ წარმატებული ევროპული კულტურებისკენ მივილტვოდით. თავისთავად, კულტურის წარმატება ნიშნავს იმას, თუ რამდენად შეუძლია ამ კულტურას ექსპანსია, რამდენად გაეკიდება მას სხვა. თავის მხრივ, ევროპული კულტურისთვის ჩვენ სრულიად უცხო, სხვანაირი ვიყავით: ის არ გვიშვებდა თავის სივრცეში. თავისთავად, უცხოს თემა ძალიან ფაქიზი თემაა ქართული კულტურისთვის: მინდა, რომ უცხოს გავეკიდო. ეს ჩემს სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს. უცხო კი ამ კულტურის მიმართ უფრო უგრძნობელია ხოლმე - იმიტომ, რომ მას უკვე ფორმირებული სტრუქტურა აქვს. და ის იცით, რას აკეთებს? სტრუქტურას მინგრევს. ქართველს კი შერჩა უნარი, დეკონსტრუირებული სტრუქტურიდან ახალი სტრუქტურა ჩამოაყალიბოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კულტურაში.

ქართველს მჭირდება ხოლმე რაღაც ფორმატი, რათა გავეკიდო კულტურას. ილიამ სწორედ ეს ფორმატი დადო. და ქართველიც მეტ-ნაკლებად მიხვდა, რომ ერი-სახელმწიფო სჭირდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით 80-90-იანი წლებიც და, სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციაც" - იმიტომ, რომ ამ დროს ახალი იდენტობების მიღება-არმიღების საკითხი დადგა.

ილიას ეპოქაში ჩვენი სოციალური ორგანიზმის არქაული კულტურიდან ე.წ. ევროპეიზებულ კულტურაში ტრანსფორმაცია მოხდა. ილიას ძალისხმევა სწორედ ამის განხორციელებისკენ იყო მიმართული. თუმცა, უნდა გითხრათ: ის ეპოქა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ილიასთან დაპირისპირებული ადამიანები სწორედ გლობალისტური განწყობილებების მატარებლები იყვნენ.

რატომ ხდება მუდმივად ილიაზე სწორება? დღეს გლობალიზაციის ეპოქაა. და ამ ეპოქაში ერი-სახელმწიფოს თემაც უკვე აღარ არის აქტუალური. უფრო აქტუალური ტრანსპოლიტიკური, ტრანსეკონომიკური სივცეა. და ერი- სახელმწიფო აი, ამ ფორმატში თუ არ ჩაეწერება, მას საკომუნიკაციო რეჟიმში ყოფნა ძალიან გაუჭირდება. თუ შენ მოახერხე და უკვე ხარ ერი-სახელმწიფო, და შემდეგ მოახერხებ ტრანსვითარებაში გადასვლას, ასეთ შემთხვევაში ახერხებ ახალ საკომუნიკაციო რეჟიმში საკუთარი თავის ჩასმას და იმ რეჟიმით ცხოვრებას. თუ ჯერ კიდევ იძახი - "ვაჰ, დრონი, დრონი", მაშინ არათუ დროში, არამედ სივრცეშიც გაორებული ხარ.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ "ვარდების რევოლუციაც" იყო გარკვეულწილად გარდამტეხი ეტაპი ჩვენი საზოგადოებისთვის. თქვენი დაკვირვებით, კონკრეტულად, რა ღირებულებები მოიტანა მან?

- "ვარდების რევოლუცია" ამიწყვეს ისეთი ფორმატით, რომ მე მხოლოდ ობიექტიღა ვიყავი: ვერ გადავიაზრე, რა მინდოდა. მინდოდა ცვლილებები - ზოგადად, მაგრამ კონკრეტულად რა მინდოდა და რისთვის მინდოდა, არ ვიცოდი. ამაზე არავინ არაფერი მითხრა. თავის დროზე, ეს ილიამ თქვა. საერთოდ, ერი კონკრეტულ სახეებში პერსონიფიცირდება ხოლმე და ეს სახეები იწყებენ მეტყველებას. ისინი ძირითადად ეთნიკური სოციალური ორგანიზმის ორეულებს წარმოადგენენ; საკუთარ თავში ერში მიმდინარე პროცესების აბსოლუტურ კონცენტრატს ატარებენ.

ახლა კი, ამერიკული განსწავლულობის (და არა განათლების) მქონე რეფორმატორთა გუნდმა ვერ მოახერხა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ლინგვისტური თვალსაზრისით ქართულ კონტექსტში ჩაესვა. სტატისტიკური ადამიანი კი მხოლოდ იმ მოვლენას აღიქვამს არსებულად, რომელიც სახელდებულია. რეფორმატორებმა ვერ მითხრეს, რა კონტექსტი არის ახლა მსოფლიოში და რა კონტექსტში უნდა მოვექცე მე. და ის "თარგმანი", რომელსაც ისინი მთავაზობენ, ქართველისთვის გააზრებულია, როგორც საშიშროება: კულტურის სიკვდილი, ღირებულებათა სიკვდილი; უფრო მეტიც: ქართული სასიცოცხლო პროცესების მიმართ დაუნდობლობა. აი, ეს განცდა აქვს დღეს სტატისტიკურ ქართველს - იმიტომ, რომ მას წინა იდენტობები არ მოუნიშნეს. ილიამ კი მონიშნა წინა იდენტობები და მხოლოდ ამის შემდეგ დადო ახალი. მე კი არავინ მითხრა, რა არის ახალი - იმიტომ, რომ თვითონაც არ იციან, რა არის. ისეთი განცდა მაქვს, რომ თვითონაც მხოლოდ მგრძნობელობა აქვთ; და ეს ყველაფერი ერის კულტურულ სხეულში პერსონიფიცირებულიც არ არის; არც ლინგვისტიკა არსებობს, რითიც მე ახლა აღვწერ ქართულ კულტურას. სწორედ ამიტომ ცოტა გაუგებარი იყო ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედის თემა - რაზეც ამას წინათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობდა: ერთი სამკუთხედი და მეორე სამკუთხედი... ქვაკუთხედი... სამკუთხედი... პატრიოტული აღზრდა... არ არის ეს ის, რასაც მე გავიგებ. უხერხულობამდე მივდივართ - იმიტომ, რომ ჯერ ენობრივად უნდა ჩამოყალიბდე. ენა ყოფიერების სახლია. ენა ჩემი საკუთარი არსების ტრანსლირების საშუალებაა. პოლიტიკა კი ერის ენობრივი დისკურსია. ჩვენ ჩამოყალიბებულები არ ვართ. ამიტომ არის, რომ აქ მხოლოდ სუროგატებით ჩანაცვლება მოხდა იმის, რაც დასავლურ კულტურაში ღირებულია, ცოცხალია, ნამდვილია.

დასავლური ტიპის სახელმწიფო სამ იდენტობას ეფუძნება: ფულს, მედიასა და განმანათლებლობას.

ილიამ გვითხრა, რომ ჩვენ უკვე გვქონდა ენა, მამული და სარწმუნოება. და შემოგვთავაზა ახალი იდენტობები: ფული, მედია და განმანათლებლობა. საბანკო სისტემა ვერ მივიღეთ. ამით ჩვენ უარი ვთქვით შანსზე, გავმხდარიყავით აღმოსავლური შვეიცარია. ფულიანი კაცი კი საქართველოში არაქართველთან ასოცირდებოდა; მუდმივად დაცინვის საგანი იყო. თუმცა, ილია თავად იყო ძალიან მნიშვნელოვანი აგენტი, რათა ეს ხედვა გადაგვეაზრებინა: მან შექმნა თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკი. მაგრამ ვერ მივიღე - იმიტომ, რომ ფულის მიმართ ჩემი მგრძნობელობა არ იდო ჩემს იდენტობათა სისტემაში. ახლა რატომ გაცოცხლდა ბევრი ბანკი საქართველოში? იმიტომ, რომ ილიას პრეცედენტი უკვე იყო. მაგრამ უკვე დაგვიანებულია მსოფლიო კონტექსტისათვის. ერთ-ერთი ბანკი ხარ, რომელიც უნდა გიყიდოს სხვამ, ტრანსნაციონალურმა, რათა როგორმე ჩაჯდე საერთაშორისო ფორმატის სივრცეში; რათა ვიღაცას მიება - დღეს მაინც. მნიშვნელოვანია, რომ ახლაც, ისევე, როგორც ილიას ეპოქაში, ჩვენთვის ფული მიზანია. დასავლელისთვის კი ფული ინსტრუმენტია, საქმის კეთების საშუალებაა.

ჩვენ ჯერ ისიც კი გასარკვევი გვაქვს, საერთოდ, გვაქვს თუ არა ეს იდენტობები. ამიტომ მე არ ვიცი, შედგა თუ არა ერი-სახელმწიფო. სხვაგვარად კი ტრანსპოლიტიკურ ვერსიაში გადასვლა წარმოუდგენელია. ამიტომ უხერხულიც კი არის ჩემთვის იმაზე ზრუნვა, რომ თოთხმეტი წლისა სასწრაფოდ თექვსმეტის უნდა გავხდე. დრო "დაიზიპა", მაგრამ მაინც: ჯერ თხუთმეტის უნდა გავხდე. ახლა კი ქართველს წყვეტის განცდა აქვს.

- მას აქვს განცდა, რომ წყვეტით ემუქრებიან?

- დიახ. ახალი ხელისუფლება სუროგატებს მთავაზობს - იმიტომ, რომ ჯერ თვითონაც ვერ იაზრებს რაღაცებს. ლინგვისტიკაში ვერ გადმოაქვს ის ღირებულებები, რაც დასავლეთში "აკრიფა", და თვითონაც პრობლემაც იქმნის და მეც. ამიტომ ისიც და მეც უმძიმეს დღეში ვართ. და სწორედ ამიტომ, ჩემი რეჟიმი მუდმივად კონფლიქტური რეჟიმია. ევროპამ ეს ღირებულებები საკუთარი შფოთით მოიპოვა. როცა მეუბნებიან, რომ აი, იმ ნიშნებს უნდა ვატარებდე, და არ მაქვს ამის მექანიზმები, მაშინ სუროგატი ვხდები.

ახლა აქ ახალი იდენტობების ფორმატი არავის მოუნიშნავს - იმიტომ, რომ თვითონაც არ აქვთ გააზრებული. ესენი უმძიმეს დღეში არიან, სამწუხაროდ. უნდათ, რომ დაივიწყონ ქართული და მოიტანონ დასავლური. შეუძლებელია - და არა იმიტომ, რომ დასავლურია შეუძლებელი, არამედ იმიტომ, რომ დღეს ამ ურთიერთობებისთვის, გადააზრებებისთვის საკომუნიკაციო სივრცე არ არსებობს. სულ ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია მედიას უნდა აეღო. მაგრამ მედიაში ყველაზე სერიოზული თემა იყო პოლიტიკური დებატები - რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა...

და კიდევ: ხელისუფლება რომ გრძნობდეს, რომ ასე საჭიროა ახალ იდენტობებში გაცოცხლება, ბაზრობას არ დაერეოდა - იმიტომ, რომ სწორედ იგი იყო სტიქიური სივრცე საქართველოს ახალ მსოფლიო კონტექსტთან ადაპტირებისთვის. ერგნეთი სტიქიური სივრცე იყო. როგორ შეიძლებოდა, იმას დარეოდნენ? ბაზრობა სასიცოცხლო ფუნქციების მონიშვნის მცდელობაა. როგორ შეიძლება, იქ დამარტყა? ადაპტაციის პროცესს გავდივარ, ღმერთო ჩემო! ძლივს "მივხვდი", რომ მეც ურბანულ გარემოში უნდა მოვხვდე. და აქ მირტყამ? რატომ მირტყამ?

- კონტრაბანდას ვურტყამდითო.

- კონტრაბანდა შეიძლება სხვაგვარად გაკონტროლდეს და არა ბაზრობაზე დარტყმით. კონტროლის თვალსაზრისით, შესანიშნავი სისტემა შექმნა, სხვათა შორის, მერაბიშვილის უწყებამ. გაკონტროლებას რა უნდოდა? ჩემი მობილურის და "იმეილის" გაკონტროლება თუ შეიძლება, კონტრაბანდას ვერ გააკონტროლებ? მე შანსი აღარ მაქვს, რომ ადაპტაცია გავიარო. ამიტომ განიცდის ქართველი ხელისუფალს მის წინააღმდეგ შეთქმულად.

პოლიტიკა სოციალური ენაა. უფრო მეტიც: ის ახმოვანებს ქართულ კულტურას მსოფლიო სივრცეში. მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს მე არავინ მახმოვანებს. ოპოზიციას გავყევი, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ისიც ვერ მახმოვანებდა (იმიტომ, რომ მანაც არ იცის, რა უნდა გაახმოვანოს), გავჩერდი. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენი საზოგადოება გაუცხოებულია. გაუცხოებულია პოლიტიკისგან. ხმას კი ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს: თუ მათ ჩემი სათქმელი არ თქვეს, მაშინ მე ისინი არ მინდა. ლინგვისტიკის პრობლემა გვაქვს, ენის პრობლემა - პოლიტიკოსმა ხომ უნდა გამაგებინოს, რა უნდა. გულწრფელად ვენდე მის დასავლურ განწყობილებებს, მან კი ვერ ამიხსნა, დასავლური განწყობილებები რა არის. უფრო მეტიც: თუ ჩემი თაობის ადამიანებში ანტირუსული განწყობილებები ძალიან მაღალი იყო, ახლა ანტიდასავლური განწყობილებებიც მაღალია.

- ეს საშიშია?

- ერისთვის, თუ ის სასიცოცხლო ფუნქციებს ატარებს, არ არის საშიში - იმიტომ, რომ თუ მან სადმე დაინახა ღირებულება, რომელიც მის სოციალურ ორგანიზმში შეიძლება გაცოცხლდეს, ის აუცილებლად გაცოცხლდება. თუ დასავლურში დაინახავს, გაცოცხლდება; თუ რუსულში დაინახავდა, გაცოცხლდებოდა. რუსულში ეს ვერ დაინახა - მიუხედავად მართლმადიდებლური კომუნიკაციისა. ჩემი თაობა იმდენად ანტირუსული იყო... ერთხელ ჩვენს ოჯახში დილაუთენია მოქანდა ზაზა თვარაძე. არ დამავიწყდება მისი დრამატული და ვნებით სავსე ხმა: "გესმის? უზარმაზარ იმპერიას რა გაუკეთა ბიჭების ამ ერთმა ჯგუფმა!" თვითმფრინავის გატაცების ამბავი იყო... მაშინ საზოგადოებისთვის ეს იმპერიაზე დარტყმას ნიშნავდა. და ვინ გაბედა ეს? როგორც მერე ამბობდნენ, ვიღაცა პატარა ბიჭებმა; ყველაზე კარგი ოჯახის შვილებმა. ცუდად აკუმულირდა. მაგრამ აკუმულირდა. მძიმე კონოტაცია მოხდა. მაგრამ მოხდა. იმ სისხლიან ადგილზე გადის, სამწუხაროდ, ახალი განწყობილებების შემოსვლის ორიენტირი. მაშინ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც იმპერია შეაზანზარა. სხვათა შორის, ზაზა ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი იყო განწყობების აკუმულირების თვალსაზრისით. თუმცა, ის არასოდეს ჩანდა, როგორც საჯარო ფიგურა. ეს კი კულტურის თავისებურებაა...


ინტერვიუ გამოქვეყნებულია ნათია ახალაიას მიერ.


ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა: