თითოეულ თაობას საკუთარი მსოფლმხედველობრივი გარკვეულობები აქვს, ე. წ. მყარი და საზრისულად მისაღები „სტრუქტურები“, რომელზედაც და რომლის წყალობითაც თაობის სასიცოცხლო ველი, მისი რელიეფი და სახოვანება იგება. თითოეულ თაობას თავისი გამორჩეული პერსონები ყავს, რომელთაც, ერთის მხრივ, შფოთი შეაქვთ თაობის სააზროვნო სივრცეში და მეორეს მხრივ, თავად აკონსტრუირებენ და სახეს აძლევენ იმ გზას, რომელსაც თვითონვე სთავაზობენ საკუთარ თავსაც და იმ სამყაროსაც, რომელშიც ცხოვრობენ. ასეთი გზა ახალი განზომილებების პერსპექტივას უხსნის მთელ სოციო- კულტურულ სხეულს, ახალ გაცილებით ვრცელ სასიცოცხლო ველს ქმნის მეტა, აზრობრივი თუ ფიზიკური არსებობისთვისა და მოძრაობისთვის. ყველა ასეთი ადამიანი, მიუხედავად შინაგანი მარტოხელობისა, უცებ ხდება ენერგეტიკული ცენტრი მთელი მისი და მომდევნო თაობისათვის. თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც მარტომ, სამყაროსთან პირისპირ უშიშრად მდგარმა მოიპოვა, ანდამატის ძალას იკრებს და მის გარშემო მთელი თაობა ნებით თუ უნებლიედ ( უფრო კი ნებით) იწყებს მოსინჯვასა და მონიშვნას იმ ღირებულებითი საზრისებისა, რაც აქამდე უცნობი იყო წინა თაობისათვის, რომელიც მისი - როგორც თაობის თავისუფლების ერთგვარ დიმენსიად იქცევა, სადაც მოძრაობა უკვე უსაფრთხოა, რამდენადაც გაკვალულია, შექმნილია. პერსპექტივის განცდისა და შექმნის ამ სულიერ რაინდებს ჩვენ პროზაული, მაგრამ მრავლისმეტყველი სახელით - მასწავლებლად მოვიხსენიებთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფორმალური აზრით არც კი დავმოწაფებივართ მათ.
ასეთი მასწავლებელი გახლდათ ჩემი თაობისათვის მერაბ მამარდაშვილი, რომელმაც მართლაც არნახული შფოთი შემოიტანა ქართულ კულტურაში. ჩვენ, ვინც ცნობილი ფილოსოფოსების მხოლოდ ინტერპრეტაციებს უნდა დავჯერებოდით საკუთარი პედაგოგებისაგან, უეცრად საავტორო ფილოსოფიის მაგნიტიზმით გაჯერებულ ველში აღმოვჩნდით.
სხვა თემა გახლდათ ამ ადამიანის სოციალური გამბედაობა. ეპოქაში, სადაც ორი კონიუნქტურის დისკურსი არსებობდა - საბჭოთა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი, მამარდაშვილი იყო „უცხო“ და „სხვა“, რომელიც სრულიად საკუთრივ - აზრის თავისუფლების სასიცოცხლო ველს ჰქნიდა თავისთვისაც და მთელი ახალი თაობისთვის, ყოველი იმათგანისთვის, ვინც მისი წყალობით გაიაზრა, რომ აზრისა და დისკურსის დიქტატურა საბჭოთა დიქტატურაზე ნაკლებად უზნეო რამ არ არის, რომ მსოფლმხედველობრივი გარკვეულობა, მხოლოდ მარტომ, კონიუქტურული დისკურსისაგან გაუცვოვებულად, სამყაროსთან პირისპირ მდგარმა უნდა მოიპოვო.
0 коммент.:
Post a Comment