კულტურის ისტორიის ერთი შეხედვით უახლესი პრობლემები მითოლოგიურ ცნობიერებასა და სტრუქტურაში იღებს სათავეს. მითოსური სამყარო არ არის კოსმიური სივრციდან განმხოლოვებული ერთეული, რომელშიც დედამიწის რიტუალი თამაშდება. მეორეს მხრივ –ეს სწორედ ასეა. სწორედ ამ ერთეულში ხორციელდება დედამიწის რიტუალი კოსმიური ჰარმონიის ცოცხალ ორგანიზმში ორგანულად ჩართული სამყაროსადმი ღიაობის ნიშნით. ამ განსაკუთრებულ ფორმათა ორ უკიდურესობაშია მოცემული „მისტერიალური მორჩილება“ კოსმიური, უცხო და სრულიად ნაცნობი ღვთაებრივი სუფევის წინაშე. მოცემულ რიტუალში, უმთავრესად, ღვთაებრივი არსების ორი უკიდურესი მეტამორფოზა – მდედრი და მამრი ფორმა მონაწილეობს. მითისათვის დამახასიათებელი ჟინიანი და ვნებიანი, საკუთარ ემოციასთან სრულიად იდენტიფიცირებული, ჯადოსნურ ქმედებათა რიგი, უმთავრესად, ერთარსების „ფორმალურ“ დანაწევრებაზე – ფორმათა მეტამორფოზირებაზე მუშაობს. ამ ფორმათა სახელები კი მდედრი და მამრია, რომელთა უმთავრესი განსხვავებანი ფორმალურ განსხვავებულობასთან ერთად ქცევაში უნდა გამოიხატოს. ქცევა კი ყოველთვის ჯადოსნურია, მითისათვის ყოველთვის გასაგები და „რაციო“–სათვის ყოველთვის მოუხელთებელი.
რიტუალური გზა ეს არის გზა ინიციაციისაკენ, საკუთარ მდედრ თუ მამრ საწყისთან ინიციაციისაკენ, საკუთარ პირველარსებასთან იდენტიფიკაციისაკენ. იწყებს თუ არა „რიტუალურ სვლას“ – რაც მითში, შესაბამისად, „მაქციობის“ იდენტურია, მითოსური პერსონაჟი აღმოჩნდება ფანტასმაგორიულ სივრცეში, განსაცვიფრებლად ცვალებად და ერთგვაროვან ფორმათა საუფლოში, სადაც მას უწევს „ქცევა“, „მაქციობა“, რაც, საბოლოო ჯამში, ი–ქცევა „გზად“, „ჯადოსნურ კვალად“, რომელსაც უკვე სახელი ჰქვია –მითოსური პერსონაჟის სახელი. ასე იქცევა სახე სახ–ელ–ად.
მითში მამაკაცური და ქალური ქცევის მოტივები თითქმის სრულიად იდენტურია. ისინი მონაცვლეობით იღებენ ერთსა და იმავე ფუნქციას და საკუთარ ღვთაებრივ საწყისთან იდენტიფიცირებას ცდილობენ. „გზის გავლა“ გახლავთ გმირის ცდა – როგორც ღვთიურ „გამო–ცდა–ში“ საკუთარი ნების დასტური, ღვთისაგან გმირისათვის ცდის „გამო–ტყუებაში“, რომელიც საბოლოოდ იქცევა გამოცდილებად, ცდილობად, მცდელობად, ღვთიურ ჯადოსნურ აქტად. იგი ცოდნის სახით ფორმდება. ფორმდება გზად, კვალად, ღვთისა და გმირის თანასწორ ნებელობით აქტად, სადაც გმირის ნება იდენტიფიცირებულია ღვთის ნებასთან, სადაც, ქრისტიანობას რომ დავესეხოთ – „მე და მამაი ერთნი ვართ“, სადაც „თეთრ ხნულში შავი თესლი ითესება“ და „თესლი მთესველს ეუბნება“.
ამ თემის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და მომხიბლავ თვალსაჩინოებად წარმოგვიდგება ფსიქეას ძიება დაკარგული სატრფოს– კუპიდონის მოსაპოვებლად. აქ თითქმის ყველა ძირითად როლს ადგილები გაცვლილი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, რადგან თავად მითში ეს აქტი სულაც არ განიხილება ადგილის გაცვლად – უფრო ადგილის მონაცვლეობაა. შეყვარებული მამრი–გმირის ნაცვლად (რომელიც დაკარგულ სატრფოსა და საცოლეს მოსაპოვებლად გასდგომია გზას), საცოლეა, რომელიც თავად ცდილობს იპოვნოს მისი შეყვარებული. ეჭვიანი დედა ( სასტიკი მამის მსგავსად) არ უშვებს ქალს თავის სატრფოსთან. გავიხსენოთ – ვენერა თავის ვაჟს– კუპიდონს – მის საცოლეს უმალავს. ფსიქეა თხოვნითა და მუდარით მიმართავს ვენერას. ის კი –უგულო და მრისხანე – თმაში სწვდება და თავს მიწას ახლევინებს, შემდეგ იღებს ხორბლისა და ჭვავის, ყაყაჩოს თესლისა და მუხუდოს, უგრეხელისა და შვრიის თესლს, ერთმანეთი აურევს, უზარმაზარ გროვად დაახვავებს და უბრძანებს ფსიხეას, ეს ყველაფერი ღამის დადგომამდე გადაარჩიოს. ფსიქეას ჭიანჭველათა მთელი ჯარი ეხმარება. ვენერას შემდეგი ბრძანება კიდევ უფრო ულმობელია: საშიში, ველური ვერძების გაკრეჭვა. ვერძებს წვეტიანი რქები და შხამიანი კბილები აქვთ. ფსიქეამ მათ ოქროს ბეწვი უნდა მოაცილოს (ოქროს ბეწვის, ოქროს თმის მეტაფორას მითოლოგიურ თქმულებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორც მეტაფორა, იგი უკავშირდება მე–20 საუკუნეში ფემინისტური მოძრაობის დასაწყისს, როცა ქალი მისივე ნებით იჭრის საკრალურობის ერთ–ერთ უმთავრეს ნაწილს – მეცნიერებაში რუდიმენტად წოდებულ, მითოსში – პარციალური სულის „ადგილ–სამყოფელს“ – თმას და სოციალური როლის განსაზღვრას „ახალი გზის“ ძიებით დაიწყებს).
ოქროსბეწვიანი ვერძები უღრან და გაუვალ ტყეში ბალახობენ. მწვანე ლერწამი ასწავლის ფსიქეას , როგორ უნდა მოაგროვოს ოქროსთმიანი ვერძების ოქროს ბულულების ფთილები, რომლებიც ვერძებმა ლერწმიანში დატოვეს. ამის შემდეგ ღვთაება ვენერა ფსიქეას მოსთხოვს, მოუტანოს წყალი ყინულოვანი წყაროდან, რომელიც კლდის უსაშველო სიმაღლიდან უძირო უფსკრულის ძირას ეცემა და მუდამ ფხიზლად მყოფი დრაკონი იცავს. ამ რთულ დავალებას ფსიქეას ნაცვლად არწივი ასრულებს. ბოლო გამოცდად ვენერა ფსიქეას ზებუნებრივი მშვენიერების მქონე ზარდახშის მოტანას მოსთხოვს. უმაღლესმა მცველმა ასწავლა ფსიქეას, როგორ ჩასულიყო ქვესკნელში; მისცა მას მონეტები ქარონის მოსაქრთამად და ნელსურნელებანი – ცერბერის გასაბრუებლად, თანაც მისი გზა დააჩქარა.
ჩვენი სტერეოტიპული ცნობიერებისთვის* თითქოს უცხოა ქალის ასეთი როლი, მისი ამგვარი ქცევა. მითოლოგიური კოსმოგონია კი სრული თავისუფლებით, თითქოს შინაგანი „ტოლერანტიზმითაც“ აგებს „გენდერულ სტრუქტურებს“. თითოეული მდედრი და მამრი პერსონაჟი აქ ძალზედ თავისუფლად იცვლის როლებს, უფრო მეტიც, ისინი ქრონოლოგიურად უთმობენ ერთმანეთს მიწიერ როლებს. ანდროგენულ ერთარსებას ყოფიერების სრულყოფილების სიღრმე და განურჩევლობა ახასიათებს. მას მუდამ მარადი დედის სურნელი ასდის, სწორედ მის წიაღში უნდა გათამაშდეს მდედრსა და მამრს შორის უკიდურესად ანტაგონისტური მიწიერი ძალაუფლების ფლობის მისტერიაც და საკუთარ პირველარსებასთან თითოეული მათგანის სრული ინიციაციაც. მის წიაღში მუდამ მამრის ჯანყია, რომელიც როგორც კემპბელი იტყვის, მუდამ მთავრდება დედა ღვთაებასთან, ყოფიერების სისავსესთან შეხვედრით. მისი აღწერა კი მხოლოდ მშვენიერისა და მომხიბვლელის ეპიტეთებით შეიძლება. ის არის მშვენიერების ყველა შესაძლო არსებობის ნიმუში. ის პასუხია ყველა სურვილზე, ყველა ვნებაზე და თავის არსებაში იტევს ყველა მიწიერი და არამიწიერი ძიების მიზანს, სრულყოფილ სუფევას. იგი–დედაა, დაა, შეყვარებულია, საცოლეა – ყველაფერია, რაც ამ ცხოვრებაში გიპყრობს და გახელებს, ყველაფერი რაც შორეულ ნეტარებას გპირდება, მარადი და მოუხელთებელი ხიბლი კი მისი არსების განმსაზღვრელი ნიშანია, მარად ძიებაში რომ ამყოფებს გმირს, რეალურ სამყაროში, საკუთარ სივრცეში, საკუთარ ქალაქში, სოფელში, ტყეში, ღრეში და არარეალურში–სიზმრის სიღრმეებში. იგი აღქმული სრულყოფილების განსხეულებაა, გმირის არსებაში დატოვებული და ანდროგენის არსებიდან გაძევებული გმირის „გირაო“ . იგი უნდა დაუბრუნდეს მას, თავისი გზის დასასრულს. გზის, რომელიც შორსაა სრულყოფილებისაგან. მას ნება და ძალისხმევა ადგენს და არა სულის მშვიდობა და სუფევა. უნდა დაუბრუნდეს შორეულ სანახებზე მოლივლივე მარადიულ შორეულ და მადლიან დედას, რომელსაც ოდესღაც იცნობდი, სცნობდი და მის შესახებ მეხსიერება ახლა მისი არსების ხიბლად გადაგქცევია, მისი მუდმივი ძიების ჟინიან თავგადასავლად. თუმცა კი მისი ხატი ყოველთვის სიკეთით აღვსილი არ უნდა იყოს. მაგალითისთვის, ბაბილონურ მითში – „ენუმა ელიშ“–ში დიდი დედა თიამათის წინააღმდეგ მამრობითი ღვთაებები ჯანყს აწყობენ, რომლის ხელმძღვანელადაც მარდუქს ირჩევენ. ამ ბრძოლაში ისინი სასტიკად კლავენ დედა თიამათს და მარდუქსს უზენაეს ღმერთად აცხადებენ.
ქართულ მითოლოგიურ წარმდგენებში ძალზე საინტერესოა მდედრ ღვთაებათა მთელი პანთეონი, რომელთა ნაწილი ხთონური ძალების დემონურ ბუნებას გამოხატავს. ხთონური ძალების უმთავრესი სახასიათო ნიშანი მათი ჯადოსნური ძალაა, რომელიც ძირითადად ფრჩხილებსა და თმებშია თავმოყრილი. ეს თვისებები ხთონურ ძალებს, როგორც ჩანს, გენდერულ როლთან აკავშირებდა.
ვენდიადის მიხედვით, მთელი სამყარო სავსეა ორივე სქესის დემონებითა და მათი თაყვანისმცემლებით. ისინი ჯოჯოხეთის შესასვლელთან იყრიან თავს, საჭიროა განსაკუთრებული რიტუალების შესრულებით მათგან თავს დაცვა: გაფრთხილებას საჭიროებს მოჭრილი თმა და ფრჩხილები, რომლებიც ეშმაკთა ხელში საშიშ ინსტრუმენტებად იქცევა.
თქმულება წარმოდგენებში მდედრი დემონები განსაკუთრებული მშვენიერებით გამოირჩევიან. მამრი დემონები კი ამაზრზენი გარეგნობისანი არიან, თუშური თქმულების მიხედვით, საშინელი შესახედავია დორაისხეველი (დორა იქითა ხეველი ?). იგი ასე გამოიყურება: გოლიათი მთა–კაცია, შუბლზე საცრისოდენა ერთადერთი, მრგვალი, წითელი „თანთქალა“ თვალი უზის, მხრებზე შავი ნავადი აფარია (გაიხსენეთ ჰომეროსის „ოდისეას“ პერსონაჟი პოლიფემი. ციკლოპსაც ერთადერთი თვალი შუბლზე უზის, მას შემდეგ რაც ოდისევსი ციკლოპს თვალს გამოსთხრის, იმარჯვებს დემონურ არსებაზე და კმაყოფილი ტოვებს ქვეყანას).
ასევე საზარელია მეგრულ თქმულებებში ერთ–ერთი პოპულარული დემონური პერსონაჟი–ოჩოკორი, რომელსაც მახინჯ მკერდზე უზარმაზარი კუზი აქვს. ეს მახინჯი გოლიათი ტყის ულამაზეს დედოფალს ტყაშმაფას ემტერება.
ლელა იაკობიშვილი
ლელა იაკობიშვილი
საიტზე გამოქვეყნებულია სრული ვერსია:
--------------------------------------------------
0 коммент.:
Post a Comment