(ანუ ზოგი რამ 2003 წლის შესახებ)
პოლიტიკურმა სანახაობამ კულტურის მთელი სივრცე აითვისა. ქართული კულტურის რეჟიმი პოლიტიკურ ბატალიებზე გადაერთო. პოლიტიკური ბატალიები გართობის კულტურად იქცა.
ყველაფერი კი 2003 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც ქართულმა სინამდვილემ მისთვის მართლაცდა ჯადოსნურ სიტყვას - PR (piars) მიაგნო. თურმე ეს გახლდათ ის ერთადერთი ინფორმაციული კონცეპტი, რომელსაც თავისივე „დაზიპული“ და „დაღარული“ დრო-სივრცე ჰქონდა და რომელიც არად დაგიდევდათ იმას, რომ PR (public relations) მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობებია და მეტი არაფერი. თავის შინაგან მუხტში იგი გაცილებით ტევადი და ცეცხლოვანი აღმოჩნდა ჩვენი სივრცისათვის და შინაგანი მუხტის გასამძაფრებლად „დოუ-ნანასავით“ გაცილებით მეტ ხმასა და ქართული „თოქ-შოუ“-სავით გაცილებით მეტ ხმაურს მოითხოვდა.
ჰოდა, „ქვეყანაც აირია“. ქვეყანა რომ არეული იყო, ეს „თინეიჯერებისათვის“ ცნობილი „დიჯეის“ (არეული ქვეყნის წამყვანის) სოსო თოლორაიასა და პატარა ვირტუოზის მარიკა თხელიძის პირით გვამცნო ბასა ფოცხიშვილმა ერთი მარტივი მეტაფორით - კლიპით.
კლიპი მითოლოგემასავით კარგი რამ გახლავთ. მეტაფორაა - ვიზუალურ-ვერბალური, თუ გნებავთ, ვიზუალურ-მუსიკალური მეტაფორა, ეპოსის (და დრამის) მთელ სიღრმესა და ემოციას მთელ სისრულეს რომ მოიცავს. მერე რა რომ კლიპში არც სიმღერაა სიმღერა და არც ცეკვაა ცეკვა. არეული ქვეყნის კლიპი „მესიჯივით“ უნდა ყოფილიყო, მუდმივად განმეორებადი ერთი და იგივე მუსიკალური ფრაზა და მუდმივად განმეორებადი ერთი და იგივე ქორეოგრაფიული ფიგურა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა ჭეშმარიტებას, ბავშვის პირით რომ ღაღადებდა კოტე ყუბანეიშვილის საავტორო მესიჯს - „ქვეყანა აირია, ქვეყანა აირია, ქვეყანა აირია“...
პატარამ (მარიკა თხელიძემ) ძალზე მიამიტურად - ცეკვა-ცეკვით, თამაშ-თამაშითა და სიმღერ-სიმღერით გაგვაფრთხილა - „ქვეყანა აირიაო“ და წინა წლებში რელსებზე შეყენებული ვაგონიც და მისი ფსევდოკულტურის პერსონაჟებიც, რომლებიც ეგრეც ვერ მიმხვდარიყვნენ „სად მიჰყავდა მატარებლის ლიანდაგს“, იმ სადგურში მოხვდნენ, სადაც ცეკვაც, სიმღერაც, ფოტოც, კლიპიც, კონცერტიც, „ბილბორდიც“, „ბანერიც“, „ლიფლეტიც“, „ფლარიცა“ და „ლაით-ბოქსიც“ პოლიტიკას თუ პოლიტიკოსებს ემსახურებოდა, სადაც პოლიტიკოსებს „ღმრთისაგან“ „შანსი მიეცათ“ ძალაუფლების დასტრუქტურებული სივრცე ენერგეტიკული დაღმასვლის პრინციპით გადაეწყოთ. ხელისუფლებისა და ძალაუფლების რა მოგახსენოთ და ფულიც მცირე მაწილის დაღმასვლით მაინც „მოეხდინათ კომუნიკაცია“ თუ ხალხთან არა, ხალხის რჩეულ სოციალურ სიმბოლოებთან - „ფეისებთან“ - შოუ-ვარსკვლავებთან მაინც, რომელთა ბიზნესიც ეს არის - დაუინტერესებელი ჭვრეტის სივრციდან გამოღწევა და მრავალმხრივად დაინტერესებულ სანახაობით ბიზნესში თავისი წილი სათბურის მოპოვება.
როგორი იყო შოუთი და ბიზნესით უზრუნველყოფილი ახალი ესთეტიკური (და არაესთეტური) გარემო?
პოსტ-მოდერნი ქართველებსაც ფრანგებივით გვიყვარს, მაგრამ ეგ არის, მათგან განსხვავებით დე-კონსტრუქციასა და დესტრუქციას ვერ ვარჩევთ ერთმანეთისაგან. მაგრამ ეგ იქამც იყოს, წმინდა თეორიული განაზრებაბია, რომელიც კულტურისა და მისი კვლევის ხიბლში შეგვიყვანს და ნამდვილი საქმე გვერდზე დაგვრჩება. მთავარი ხომ ესთეტიკა არ არის, მთავარი ესთეტიზმია, რაღა თქმა უნდა. ოღონდაც ისე გაგვიქრა ესთეტიზმი თვალსა და ხელს შუა, ისე დაგვიდნა იისფერ თოვლი, რომ სწორედ ბიზნეს-შოუს (არ შემშლია!) პოლიტიკური დისკურსის ასპარეზი გახდა პოლიტიკური ესთეტიკა. მაინც როგორია ქართული პოლიტიკის თუ პოლიტიკოსთა ესთეტიკა: უცხო ცნებებითა და უცხო სიტყვებით სავსე (თეორიულ მადლს ზიარებული, უახლეს ლინგვისტიკას გადაყრილი), ლაით-ბოქსი, ბილბორდი, პლაკატი, - ახალი ესთეტიკური (და არაესთეტიზირებული) სიბრტყეები მათზე გადათამაშებული ახალი ლინგვისტური დრამებით - ლოგო, ბრენდი, სლოგანი, მიქსი. პოლიტიკური ბატალიები ახლებური ნიშანთა სისტემებით ფოტო და ეკრანულ სიბრტყეებზე გადათამაშდა. ვირტუალური სივრცე დამახინჯებული სახეებითა და სახელებით გაივსო. მხიარული სახეები, რომლებიც თბილისის მთელ (ჯობია ვთქვა) ინტერიერში (თუ მაინც ექსტერიერში) უცნაურ სანახაობად ყალიბდებოდა, სოციალურ დრამად (თუ არა გროტესკად, ან თუ გნებავთ ტრაგი-კომედიად). ვისთვის მხიარული გართობა ვისთვის შეურაცხმყოფელ სახეებად და სახელებად იქცა. მოთამაშე პერსონაჟი უამრავია - პოლიტიკოსი, მისი გუნდი, სანახაობით აღტკინებული მოზრდილები, მოზარდები თუ ბავშვები, რომლებიც დიდებულად ერთვებიან ფსევდოესთეტიზის ექსტატურ გარემოში და ფანტაზიასა და საღებავს არ იშურებენ სოციალური პერპორმანსის „მეტამორფოზირებისათვის“. ბილბორდზე ყველა იარაღი მუშაობს - საღებავი, მაკრატელი, დანა, ფანქარი, წებო, ფუნჯი და ბოლოს ფსევდო-კრეატიული მხიარულება და ირონია.
აბა, თუ ბიჭი ხარ, მიხვდი, დეკონსტრუქციაა თუ დესტრუქცია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი და უმთავრესი ე.წ. მხატვრული დრო-სივრცის პოლიტიკურ დისკურსში გადაწყობაა. ამ გადაწყობას თავისი ახალი სრუქტურა სჭირდება, ახალ სტრუქტურას - თავისი არქიტექტურა, ახალ არქიტექტურას - თავისი ინჟინერია.
ყველაფერი დიდებულად იყო კონსტრუირებული. „ბილბორდები“ და „ლაით-ბოქსები“ შინაარსით უნდა შევსებულიყო. მოძრავი, დინამიური მხატვრული ვითარებებითა და არტეფაქტებით, აქციებით (რომლებიც პოლიტ-შოუში, რა თქმა უნდა, მეპატრონეს, მფლობელს გულისხმობს), აქციების საინფორმაციო უზრუნველყოფით, მისი შინაგანი მობილურობით, დინამიკითა და დრამატიზმით.
პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი „შემოქმედებითი“ აქცია ძირითადად ამ აქციის მფლობელს უჭერდა მხარს, მხარსაც უჭერდა და ეგზალტირებულ ამომრჩეველსაც. ძვირადღირებული აქციები ძირითადად მოედანზე იმართებოდა, სახელდახელოდ აგებული ძვირადღირებული სცენებითა და ძვირადღირებული მომღერალ-მოცეკვავეებით, ან ძვირადღირებული ეკრანითა და კლიპების ძვირადღირებული პრეზენტაციებით. მთავარია, ყველაფერს პიარული და მხიარული ელფერი ჰქონოდა, მთავარი იყო, ყოველივე უცხოური სურნელით ყოფილიყო შეზავებული.
2003 წლის ბურთი და მოედანი კი რუსეთს ნაზიარებ ჯგუფს - „ფორტეს“ რჩებოდა. შემთხვევითი არ გახლდათ არჩილ გომიაშვილის არჩევანი. მას გემოვნების გარდა სახიერი ქართულისადმი ინტერესიც აღმოაჩნდა და მოედნის ნაცვლად „ფორტეს“ მოსკოვის „ოქროს ოსტაპის“ კლუბიც თავის დროზე შესთავაზა. მოსკოვში დაწყებული კარიერის შესანიშნავი გაგრძელება გახლდათ „თბილისის მზე“ - ზაზა ორაშვილის კლიპი, რომლის პერმანენტული სატელევიზიო ჩვენებები ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ უამრავი „კლიპ-სენით“ დაავადებული ჩვენი „საინფორმაციო უზრუნველყოფის“ სივრცისათვის.
თუმცა ვერც ზაზა ორაშვილი, ვერც „ფორტე“, ვერც დათო გომართელი ერთად ვერ ასცდნენ პოლიტიკურ კონიუნქტურას. ერთი ეგ არის, მხატვრული გემოვნება უნებლიედ პოლიტიკურ გემოვნებასაც განსაზღვრავს ხოლმე და ქართული პოლიტიკის ეკონომიური პროექტის PR ვარიანტი - „ბაქო-ჯეიჰანი“ „სამალიოტით“ პირდაპირ ღრუბლებში მიგვაქანებდა მთელ ქართველობას. ჩვენც დავიჯერეთ, რომ პოლიტიკა პოლიტიკის შოუ-ვერსიამ შეიძლება შეცვალოს და ჩაანაცვლოს, ხელოვნება კი ხელოვნურმა ნიშანთა სისტემამ და რომ მხოლოდ პოლიტიკური შოუა იმისი შანსი, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან ტექნიკურად ამოვარდე და ისე აავსო ციდან სიმღერით ქართული სივრცე, როგორც ამას დათო გომართელი ძალზე ნიჭიერად ახერხებს. კლიპის პროტოვერსიის ასოციაციაც მიჩნდება - რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას „შერეკილების“ უკანასკნელი კადრები - „უცხო ჩიტის“ სიმაღლიდან ქართული ხმებით ავსებული სივრცე. „შერეკილების“ მეტაფიზიკური განზომილების სიმაღლიდან განხორციელებული ტრანსნაციონალური ეკონომიური პროექტის შოუ-ვერსია. ნიჭი ნიჭია. ხან ცაში დაფრინავს და ხან მიწაზე ეშვება. ქართული კულტურის სუბიექტი პოლიტ-შოუშიც კი ცოცხალია. იგი ამჯერად „შერეკილების“ პოლიტ-ეკონომიური „აგენტი 007“-ია, თანამედროვე ქართული პოლიტიკური კლიპ-ხელოვნების ჯეიმს-ბონდი.
კლიპ-შემოქმედებით ესოდენ დატვირთულ პოლიტ-ბიზნესს „საინფორმაციო უზრუნველყოფა“ არ მოკლებია მთელი წლის მანძილზე. მთელი წლის მანძილზე კლიპ-პროდუქციით სავსე საინფორმაციო ველი „საინტერესო“ კომენტარსაც აკეთებდა - რომ კვლავ „გადაიღეს მცირებიუჯეტიანი, მაგრამ, რაც მთავარია, იდეურად დატვირთული კლიპი“ (სტილი დაცულია). იდეურად დატვირთული კლიპების გვარიანი სიჭარბე იგრძნობოდა მეტაფორული აზროვნების ამ ურთულესი ფორმების „საინფორმაციო უზრუნველყოფაშიც“. ხელოვნებას ქუჩის პლებეური ხელოვნება ცვლის (როგორც იქნა, საქართველოშიც ვეღირსეთ ბუნებრივ მასკულტურას!) და „ქუჩის ბიჭებიც“ ამაზე გვიყვებოდნენ, ვინ იცის, ეგებ გულწრფელი ტკივილითაც კი. ყველაზე მოჭარბებული ადგილი კი ისევ ინფანტილურ „კლიპ-კულტურას“ ეკუთვნოდა - საუფროსო დარდებითა და „იდეებით დატვირთული“ პატარა მომღერლების არაადექვატურ ტკივილებს, კლიპ-ხელოვნების პერსონაჟობა რომ შეჰყარა დაავადებად კლიპ-კულტურით დატვირთულმა ქართულმა კლიპ-არტმა.
ქართული კულტურის პოლიტიკას და პოლიტიკის კულტურას დიდებულად აღწერდა ისევ და ისევ საინფორმაციო უზრუნველყოფის ყველაზე უფრო პოლიტიკური პროექტები - ე.წ. „თოქ-შოუები“, ყველა ტელევიზიის ყველა საღამო, მუდამ ფსევდოკარნავალურ და ხმაურიან ვითარებაში რომ გვიმართავდა პოლიტიკური ცხოვრების პულსაციის შესახებ სკანდალურ სანახაობებს, პოლიტ-შოუს სატელევიზიო ვერსიებს. „იმედის“ ეთერის სატელევიზიო თოქ-შოუ ჯანრი კაშიას ავტორიტეტის საპირწონე ვერა და ვერ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანს ჩვენ გვიტოვებდა, ეს არჩევანი არ არსებობდა. ხმაურიანი პოლიტიკოსებისა და მათი გულშემატკივრების მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა სრულიად შეუძლებელი გახლდათ.
საინფორმაციო ერა ულმობელია. თოქ-შოუც თავად ქმნიდა პოლიტიკოსთა დეკონსტრუირებულ სურათებს. „ცაიტ-ნოტის“ (პირველი არხი) წამყვანი სულხან მელაძეც იძულებული იყო თოქ-შოუს პირობითობებისა და თამაშის წესების დაცვის მიზნით პოლიტიკოსებისათვის მსაჯულები დაენიშნა. მსაჯულები, რომლებიც მათ სამართლებრივ და კორექტულ ქცევას შეაფასებდნენ. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. „ცაიტ-ნოტის“ შაბათობები ქართული პოლიტიკური თოქ-შოუსათვის დამახასიათებელ გასართობ-სანახაობრივ ელემენტს - ჩხუბს, შეურაცხყოფას, მხიარული ფრაზების გაცვლა-გამოცვლას მოკლებული აღმოჩნდა და სხვა, უცნაური, დროის ლიმიტში მოქცეული, სრულიად ლიმიტირებული აზარტი შესთავაზა პოლიტიკური შოუს პერსონაჟებს - მკვეთრად ლიმიტირებული ერთი წუთი, რომელზედაც პოლიტ-შოუს მონაწილეები სრულიად უხალისოდ თანხმდებოდნენ.
სამაგიეროდ, ქართული სანახაობრივი (ყბადაღებული „საზოგადოებრივი დაკვეთის“) „ხიბლი“ და „მადლი“ არ მოკლებია არც რუსთავი-2-ის ღამის ეთერის თოქ-შოუს „ღამის კურიერი ეკა ხოფერიასთან ერთად“, რომლის ძირითადი დამკვეთები - პოლიტიკოსები და ხალხი მისგან ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსების სანახაობით დისკურსში ჩვენებას მოითხოვდა და არც „საზოგადოებრივ დაკვეთაზე“ მომუშავე პირველი არხის ღამის ეთერს, ქართული ღირებულებითი სივრცისათვის სანუკვარი ოჯახის თემით რომ ცდილობდა პოლიტიკური შეკვეთების შეფერვასა და გადაფარვას და მიამიტურ კითხვას - „რა ხდება?“ გაუგებრობაში მოხვედრილი ინფანტილივით სვამდა.
ქართული კულტურა ზოგადად მოზაიკური და პოლიფონიურია და ღამის ეთერიც საქართველოს ათეულამდე ტელეარხზე პოლიტ-შოუს პოლიფონიურ კაკაფონიას გვთავაზობდა, საინფორმაციო სოფელს აშენებდა და PR-აქცია-აგრესიებში მონიშნავდა ქართულ პოლიტიკასაცა და საკუთარ თავსაც.
ნოემბრის სატელევიზიო სანახაობებმა ხომ თავად სანახაობასაც გადააჭარბა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ისეთი სრულყოფილება შემოგვთავაზა, თავად ინფორმაციული ცივილიზაციის შემოქმედსაც რომ შეშურდებოდა. „ნიკოლ-შოუს“ (კლიპ „ჩვენ კი ასე ვუბერავთ“ პერსონაჟთა სიმრავლე და კალეიდოსკოპურობა ერთხელ კიდევ გაფორმდა „საინფორმაციო უზრუნველყოფის“ ერთ მონოლოთურ სისტემად. მაშინვე დაიწყო პოლიტიკური ვარსკვლავთცვენა და „ზეციური იერარქია“ ახლებურად გადალაგდა (რა ძალა ჰქონია ამ „საინფორმაციო უზრუნველყოფას?!).
მაგრამ სანახაობა სანახაობაა და პოლიტკონიუნქტურა დიდად არ შეცვლილა. მხოლოდ როლები გადანაწილდა ახლებურად. საინფორმაციო უზრუნველყოფის მარგინალზაცია სატელევიზიო კულტურული კაპიტალის დაღმასვლის პრინციპით აეწყო. შესანიშვავი ტექნიკური უზრუველყოფის მქონე რუსთავი-2-ის ღამის პოლიტ-შოუს ე.წ. ოპოზიციური ხმა ლუბა ელიაშვილის „სტუდია-დიალოგმა“ ჩაიბარა, რომელსაც ახალი „სოფლის შენების“ ახალ პროექტში ტელეარხ კავკასიის „ღამის ეთერის“ მე-2 ხმა უერთდებოდა.
პოლიტშოუსაგან მარგინალიზებული ვერ აღმოჩნდა სანახაობრივი სივრცის ვერც ნამდვილი შემოქმედი ნაწილი, ცოცხალი ქართული კულტურის ორი სერიოზული შფოთი - ნინო ქათამაძე და სუხიშვილების ახალი თაობა. მათი შემოქმედების „საინფორმაციო უზრუნველყოფა“ მხოლოდ საინფორმაციო ქრონიკით შემოიფარგლებოდა.
ნინო ქათამაძის ნამდვილი მუსიკალური ენერგიით სავსე შემოქმედებას სწორედ რომ „სამეფო თეატრი“ ეკადრებოდა და ეკუთვნოდა და სწორედ რომ საღამო, კონცერტი და არა აქცია. ხელოვნება- აქციების სოციალური დრამიდან ამოვარდნილი ხელოვნების ნამდვილი აქტორი ქართული მუსიკალურ-სანახაობრივი კულტურის გადარჩენის მუხტს შეიცავდა.
უახლეს ქართულ რიტორიკაშიც ასე გადათამაშდა ქართული კულტურის (და არა პოლიტიკის) პერფორმანსი. ისევ ბასა ფოცხიშვილის მუსიკალურ-ვიზუალურ მეტაფორას - „ვაგონი მიჰქრის“ გავიხსენებ. ვაგონის ფსევდოკულტურული სტრუქტურით დასახლებული შავ-თეთრი პერსონაჟები, რომლებიც ვაგონის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ მოძრაობენ და წითელჩოხოსანი მოცეკვავეების ესთეტური დრამატიზმი, ვაგონის სვლას რომ მიუყვებიან და, მიუხედავად სივრცის სიმცირისა, ქართული კულტურის ნაღდ სუბიექტებად „მოიაზრებენ“ თავს, თითის წვერებზე შემდგარ მოთამაშე-მოცეკვავეებად. უამრავი პოლიტიკური, სოციალური, თუ გნებავთ, კულტურის ნიღბების საპირწონე ძალისხმევა - საკუთარ შემოქმედებით უნარებთან იდენტობა კულტურით, ესთეტიზმითა და არტისტიზმით, პერფორმირების უკიდეგანო უნარით. კულტურის ეს ვირტუალური სუბიექტი რეალურ ესთეტურ დრამად გადაათამაშეს „ასსა“-ს ავტორებმა. (საგანგებოდ ავუარე გვერდი სიტყვას „პროექტი“, თუმცა მაინც ვერ ავცდი). ამ ყოველივეს „პრო-ექტი“ თუ წინასწამეტყველება ხალხურ შემოქმედებით მუხტში დევს და ახალგაზრდა სუხიშვილებმა იგი ცოცხალ საავტორო შემოქმედებაში გადაათამაშეს.
პოლიტიკური დისკურსი დაძლეულია. კულტურა საკუთარ წიაღში პოულობს ყველაზე ნაღდ რესურსებს და მისი პერფორმატულობაც ყოველგვარ სტრატეგიას მოკლებულია, თამაშია თამაშისათვის, სიმღერაა სიმღერისათვის, ფეხის წვერებზე დგომაა ცეკვისათვის.
ფსევდოკრეატიული მხიარულებაც მხოლოდ კულტურის ამ დისკურსს უქმნის ფონს. მხიარულება კი თავად აპოლიტიკური, თუ გნებავთ, იპოლიტიკური დისკურსია და ყოველგვარი „შემოქმედებითი“PR-მცდელობები პოლიტიკოსთა მხრიდან ზოგადქალაქური მხიარულების კარნავალურ განცდაში იძირება, „მეგა“, „ოვაცია“, თუ რაგინდარა ფესტივალურ გართობებში.
რეალური ვარსკვლავებისათვის კი მუდამ არსებობს და ცოცხალია მუზის სივრცე.
2003 წელს ბიძინა კვერნაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
0 коммент.:
Post a Comment