მედიისა და საეთერო სივრცისთვის ჯერ ტირაჟირება და შემდეგ ტრანსლირება აღმოჩნდება უნივერსალური ტექნოლოგია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მის, როგორც საზოგადოების ცნობიერების ინჟინერიის ფუნქციას განაპირობებს.
რა
ძალას ფლობს ტირაჟირების და, მით უფრო, ტრანსლირების „საიდუმლო“. აქცევს თუ არა ეს ტექნოლოგია მედიას ჯადოსნურ იარაღად.
რატომ აქვს მედიას ასეთი ძალმოსილება ადამიანებზე და, როგორც ადამიანთა ცნობიერების
სტრუქტურის „ავტორი“ და „აქტორი“ უნდა ატარებდეს თუ არა პასუხისმგებლობას იმ სოციალური სივრცის შექმნაზე,
რომლის შემოქმედიც თავად არის.
ტრანსლაცია ( ლათ. Translatio) გადატანას,
გადაადგილებას ნიშნავს.
გეომეტრიულად ტრანსლირებას
(პარალელურ გადატანას) აღწერენ, როგორც მოძრაობის კერძო შემთხვევას, რომლის დროსაც სივრცის
ყველა წერტილი ერთი და იმავე მანძილზე და ერთსა და იმავე მიმართულებით გადაადგილდება.
ტრანსლირება ბიოლოგიაში
ნიშნავს ინფორმაციულ მატრიცაზე ამინომჟავებიდან ცილის სინთეზის პროცესს, რომელსაც რიბოსომა
ახორციელებს.
კრისტალოგრაფიაში ტრანსლირებას
განიხილავენ, როგორც სიმეტრიულ „გარდაქმნას“, რომლის შედეგადაც სივრცული მესერის კვანძი
ემთხვევა სხვა უახლოეს იდენტურ კვანძს. ის გახლავთ გეომეტრიული ტრანსლაციის (პარალელური
გადატანის) კერძო შემთხვევა.
ეს განმარტებები მხოლოდ
იმიტომ დამჭირდა, რომ ერთი ისტორია შეგახსენოთ.
პითაგორაზე ლეგენდაა
შემორჩენილი - მას თურმე ლექციის ჩატარება რამდენიმე ადგილას ერთდროულად შეეძლო. კარგა ხანს ვერ მივხვდებოდით, როგორ ახერხებდა ამას,
რა ძალა, რა ჯადოსნური ტექნოლოგია აამუშავა საკუთარი უნარებიდან, რომ არა უახლესი დრო - აუდიალური, ვერბალური თუ გამოსახულების გადაცემის
მე-20 საუკუნის ტრანსლირების სინთეზური ტექნოლოგია. პითაგორას, ძირითადად, როგორც პითაგორას თეორემის ავტორს, როგორც მათემატიკოსს,
როგორც გეომეტრს ისე იცნობს მსოფლიო.
არც ის ყოფილა შემთხვევითი,
რომ დიდ გეომეტრს, რომელმაც გეომეტრიული ტრანსლირების საიდუმლო იცოდა, საკუთარი თავისა
და საკუთარი ცოდნის ტრანსლირების უნარიც გამოემუშავენინა.
მის ამ პერსონალურ უნარს ალბათ კეთილშობილი მიზანი ახლდა. ამ ტექნოლოგიით, ამფითეატრზე
მდგარს მას შეეძლო საკუთარი ფილოსოფიური და
მათემატიკური თუ შემეცნების პროცესის მისეული
მიგნებები და გამოცდილებები სხვათათვის გაეზიარებინა და „აგორას ტერიტორია“
გაეფართოვებინა იმისთვის, რომ ეს მადლიანი ცოდნა ტრანსლირებით გავრცელებულიყო .
ალბათ, შემთხვევითი
არ გახლავთ, რომ ბიოლოგიურადაც ტრანსლირება იმ საინფორმაციო მატრიცის შემოქმედია, რომლიდან
ცოცხალი ორგანიზმიც აიგება და ინფორმაციაც ინახება ცოცხალი ორგანიზმის შესახებ.
და კიდევ მესამეც -
შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ნებისმიერი კრისტალის სტრუქტურას მისი სივრცული მესერი
და ერთმანეთის იდენტური კრისტალური მესერის კვანძები ქმნიან და განაპირობებენ და ისე იქმნება სტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვიზუალურ მომხიბლავობასა
და კონკრეტულ ფუნქციურ დატვირთავას იძენს სამყაროსათვის.
დიახ, ეს საოცარი ერთიანობა,
ტრანსლირების ეს საოცარი „საიდუმლოებები“
განაპირობებენ მატერიალური სამყაროს სტრუქტურას
თუ ჩვენთვის ცნობილ სასიცოცხლო პროცესებს.
ეს მაგალითები ალბათ, ზედმეტი იქნებოდა, რომ არა
უახლესი დროის საეთერო, სატელევიზიო თუ ნეტ გადატანა -ტრანსლირება, რომელიც სწორედ
რომ სინთეზურია და არა მხოლოდ კომპილაციური და გულისხმობს საინფორმაციო ველში, შეუზღუდავ
მანძილზე მეტყველებით მონათხრობის, მუსიკის თუ გამოსახულების უშუალო გადატანას
რადიო, სატელევიზიო თუ ინტერნეტ საშუალებებით.
და, ალბათ, მთავარი
- დღეს უკვე „სოციალურად მნიშვნელოვან“ მოვლენად მხოლოდ იმას
ვთვლით, რომელსაც მედია, როგორც აქტორი ქმნის
და რასაც ის ტრანსლირებს. მას, როგორც აქტორს აქვს თავისი გემოვნებისა და შეხედულებებისამებრ
მოვლენების სელექციის შესაძლებლობა და ტრანსლირების
გზით მნიშვნელობის მინიჭება მხოლოდ იმ მოვლენებისთვის, რომელსაც მისი გემოვნება ან,
გაცილებით ხშირ შემთხვევაში, მედია საშუალების მფლობელის ნება კარნახობს. ასე იქმნება
ჩვენს გარშემო ის სურათი, რომელიც იქმნება და
ის სოციალური სტრუქტურა, რომლის არა თუ იდეოლოგი, სწორედ რომ ინჟინერი თავადვე
აღმოჩნდება.
ერთერთი უდიდესი ბერძენი - პითაგორა შემთხვევით არ გამხსენებია.
მას ჰქონდა სათქმელი, რომელსაც ტრანსლირებით გადასცემდა და სოციალური სტრუქტურაც ბერძნული
ფილოსოფიის საზრისებზე ფუძნდებოდა. მათ შორის, ბერძნული დემოკრატიაც. ბერძნული ფილოსოფიაცა
და დემოკრატიაც მთელი ევროპული სივრცისთვის
საზრისული საფუძველი აღმოჩნდა და ევროპამ არა
მხოლოდ აზროვნების, არამედ სოციალური ცხოვრების
ისტორია შექმნა.
არაერთხელ მითქვამს
და გავიმეორებ, რომ დღეს აგორა ღია საინფორმაციო
სივრცემ, ფილოსოფოსი - ჟურნალისტმა და ამფითეატრი
- სატელევიზიო სტუდიამ (დღეს კი უკვე კონკრეტული ადგილიდან პირდაპირმა და ღია ეთერმა)
ჩაანაცვლა. ტრანსლირებაც იგივე ტექნოლოგიით
ხდება, ოღონდ რამდენად პითაგორული სიღრმის მქონე იდეების, ძნელი სათქმელია. ( და, რათქმაუნდა, ეს მხოლოდ ქართულ სინამდვილეზე არ ითქმის).
ამდენად, ჟურნალისტის,
ან მისი დამქირავებლის - მედიის მფლობელის პასუხისმგებლობა დიდზე დიდია არა მხოლოდ
სოციალური სივრცის წინაშე, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე. მან შესაძლოა
საკუთარი მახინჯი ინფორმაციული ორეული შექმნას. მთავარია,
ჟურნალისტს, ან მის დამქირავებელს ჰქონდეს, თუ პითაგორული სიღრმის არა, ისეთი სათქმელი მაინც, რომლითაც სოციალურ სივრცეს სტრუქტურას მიანიჭებს და არა მხოლოდ გეომეტრიულს,
არა მხოლოდ „კრისტალურს“, თავისი საოცარი სიმეტრიითა და ჰარმონიით, არამედ სასიცოცხლოსაც, ბიოლოგიური ინფორმაციული
მატრიცის მსგავსად.
0 коммент.:
Post a Comment