უახლესი მითოლოგიური რიტუალის სანახაობა – ასე შეიძლება აღიწეროს სანახაობითი დრამატიზმისაგან დაცლილი და თამაშის სრულიად ახალ რეგისტრში მოქცეული „მოდის ჩვენება“. რაღა თქმა უნდა, ამ სანახაობას არაფერი აქვს საერთო არც რიტუალის მისტერიალურ საზრისთან და არც მედიტაციურ წიაღსვლასთან, რომელიც მითოლოგიურ რიტუალს ახასიათებდა. დღეს სწორედ მოდა და მხოლოდ მოდა ახერხებს თანამედროვე კულტურის აკუმილირებას სანახაობით სივრცეში. მეორეს მხრივ, რაც მას არქაულ რიტუალთან აკავშირებს – ეს საკუთრივი სივრცის უკიდურესი ესთეტიზაციაა, ჭვრეტის სიამოვნებას რომ უკავშირდება და სანახაობით დღესასწაულად აქცევს პოდიუმის რიტუალს. მისი ჯადოსნური ძალა კი ქალია. ესთეტიკური დატვირთვა პოდიუმზე მხოლოდ ქალს აქვს, ოღონდ სქესისაგან განძარცვულს, ჭვრეტის წმინდა ობიექტს, უსასრულოდ მოძრავს წრფივ გზაზე, პოდიუმზე, გზაზე, რომელიც ყოველთვის რისკია, კულტურის და მარადი თვითუარყოფის რისკი. სანახაობა სანახაობისათვის, ტკბობისა და თვითტკბობისათვის, ცვალებადობათა თამაშია მარადი ცვალებადობისათვის. იგი ვერ უძლებს ფორმის სტაგნაციას და არც სტატიკაა მისთვის ასატანი. მისი დისკურსი არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ არის (ბარტის მიხედვით ხომ დისკურსი მუდმივად „მიედებ–მოედებაა“, „აქეთ–იქით აწყდებაა“). იგი არც მიმეზისურია და არც ანტიმიმეზისური, თუმცა კი მისი აღწერა ისეთი ცნებებითაც შეგვიძლია, როგორიცაა რიტმი, ტონალობა ან არტიკულაცია.

ამ ცნებათა შინაარსზე ბუნებრივად დგას რიტუალური სანახაობის თვითგანცდა. ეს გახლავთ „სანახაობა სისტემის შიგნიდან“ – მესამე თვალი – საკუთარი არსების ჭვრეტისა და გან–ჭვრეტის უნარის მქონე, მარადიული ტკბობისა და სუფევის ძალმოსილებას რომ მისცემია და შეფასებითი და ღირებულებითი ორიენტირი რომ დაუკარგავს.

მზერა კი ჭვრეტის დისკურსია, იგი მიედ–მოედება, აქეთ–იქით, წინ და უკან აწყდება, მაგრამ მუდამ საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს აწყდება, წააწყდება და გადააწყდება.

რა სურს მოდას მარადისობის აბსოლუტურ ინტენციად რომ ქცეულა და „პოდიუმის“ გზას დასდგომია. ნოვალისისა არ იყოს, – „განა საით მივდივართ?! მუდმივად შინისაკენ“. შინისაკენ მიმავალ გზაზე კი მოდა ჩვენი მეგზურია. თვითონ მუდამ შინ არის და წინ და უკან, წარსულსა და მომავალში სიარულით შეიძენს წარსულზეცა და მომავალზეც ბევრად უფრო დრამატულ მარად აწმყოს, მასზე მიმართული ყოველი ინტენციით ითვისებს და „აკონტროლებს“ ყოველი ჩვენგანის შინაურ გარემოს.

ბოლოთქმის ნაცვლად

ჯობდა ამ ტექსტის ნაცვლად თქვენთვის მომეძღვნა ულამაზესი ფერად–ფერადი ბაბთებით შემკული სარკისებური ელვარების ქაღალდის ფუთა.

ბაბთებით შემკული ქაღალდის ფუთაში უცნაური ფორმის პატარა კოლოფი, ფერითი და გრაფიკული გამოსახულებით ა–ჭრელ–ებული.

კოლოფში ხავერდის ან რომელიმე ძვირფასი ქსოვილის ფონზე დასვენებული ან მისგან არქიტექტურული ფორმების დახვეწილობით ამოსვეტილი ფერადი ბროლის პატარა ჭურჭელი – შუშა;

შუშაში კი ისევ ფერადი სითხე – უკვდავების წყალი;

მოხსნიდი თუ არა ბროლის ჭურჭელს თავს, ზღაპრული ჩიტის სულივით ამოიფრქვეოდა და აავსებდა თქვენს არსებას მოდური სუნამოს სურნელი „დამგდები“ სახელით – „სიყვარულის ალქიმია“. იმ წამს შეიგრძნობდით იმას, რომ ფერს სუნი აქვს.

დღეს მოდაში სახე–ლიანი ან სახელი–ანი სურნელია, ოღონდ ზღაპრული დევის სულივით – შეფუთული, სუნამოს კოლოფში გამომწყვდეული.:

ბაბთებში – ქაღალდები;

ქაღალდებში – მუყაოს კოლოფი;

კოლოფში – შუშა;

შუშაში –სითხე;

სითხეში –სუნი;

სუნში – სული;

სულში – სახელი,

მოდური სახე–ლი , სარკისებური ელვარების ქაღალდით ვუალიზებული სახელი.

სუნამო „სიყვარულის ალქიმია“ დღეს საბაზრო საქონელია.


ლელა იაკობიშვილი 


საიტზე გამოქვეყნებულია სრული ვერსია:
--------------------------------------------------





0 коммент.:

Post a Comment

ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა: