ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ფუნდამენტალისტ ისლამისტთა გააქტიურების მიზეზებზე, რელიგიურ ურთიერთობათა თვალსაზრისით მოვლენათა განვითარების პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" კულტუროლოგ ლელა იაკობიშვილს ესაუბრა.


- ქალბატონო ლელა, პოპულარულ ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ ევროპა შეძრა. მომხდარს მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს, მაგრამ ინტერნეტში ნაკლებად თუ შეხვდებით მომხდარის მიზეზებზე სიღრმისეულ ანალიზს. თქვენი შეფასება როგორი იქნებოდა? მომხდარი რა უფროა - სიტყვისა და აზრის გამოხატვის პრობლემა, ფუნდამენტური ისლამისადმი აგდებული დამოკიდებულება, რედაქციის თანამშრომლების მხრიდან პროვიკაცია, თუ აშკარად რელიგიური დაპირისპირების ნიშნების მქონე პროცესი, რომელსაც ევროპაში აქამდე მხოლოდ ლატენტური ფორმები ჰქონდა?

- პირველ რიგში, მინდა თანავუგრძნო ფრანგ ხალხს და ჩვენი პლანეტის იმ ადამიანებს, ვინც შეძრა მომხდარმა. როგორი ფორმულირებაც არ უნდა მივცეთ, გნებავთ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის პრობლემა დავარქვათ, გნებავთ ფუნდამენტალისტური ისლამისადმი აგდებული დამოკიდებულება, რედაქციის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაცია, თუ კიდევ უფრო ფარული და მძიმე - რელიგიური დაპირისპირების ნიშნების მქონე პროცესი, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანების სასტიკ, განზრახულ, წინასწარ დაგეგმილ მკვლელობასთან, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. მას კი არავითარი კავშირი არა აქვს ძველი აღთქმის საფუძველზე აღმოცენებულ არც ერთ რელიგიურ იდეოლოგიასთანაც კი, არა თუ რელიგიასთან.

ვფიქრობ, სრულიად სხვა თემაა იმ მიზეზების ძიება, რომელიც ტერორიზმს წარმოშობს და, რომლის გამოც შესაძლოა, ამა თუ იმ რადიკალური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთა უშუალო ახლობლებიც კი გახდნენ მსხვერპლნი. ამიტომ, კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს მაშინაც, როცა ასეთი ტიპის თემების განხილვას ვიწყებთ მედიაში, რამდენადაც მას უკვე ინფორმაციული ომის რეზონირებადი ეფექტი აქვს. ტერორიზმი გლობალიზაციის თანამედროვე მითის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეალობაა, მით უფრო, რომ თანამედროვე გლობალური მსოფლიოს ვირტუალური და საეთერო სივრცე სიამოვნებით "იკვებება" ამ სისხლიანი ამბებით. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, როგორ სტრუქტურირდება ტერორიზმის შედეგების შემზარავი სურათებით მთელი დედამიწის მოსახლეობა, ჩვენს თვალწინ როგორ "ხორციელდება" უახლესი "ინფორმაციული კულტურის" მითი, სადაც ღირებულებითი, კულტურათა თუ ცივილიზაციური შეჯახების თემა ძალაუფლების სრულიად ახალმა დისკურსმა - სისხლიანი ძალადობით (რომელიც არც ბრძოლაა და არც ომი, ამ უკანასკნელ ორს თავისი წესები აქვს) საინფორმაციო ძალაუფლების მოპოვების სრულიად მიზანმიმართულმა ფორმებმა შეცვალა.

დღეს მკვლელობაზე მიმართული იარაღი მხოლოდ მაშინ გახლავთ "რეზონირებადი", როცა საინფორმაციო ძალაუფლებაც შენია. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ტერორისტები და მათი პოლიტიკური თუ ფინანსური ლობისტები საინფორმაციო სივრცის ძალმოსილებასა და მის ფლობაზე აკეთებენ გათვლას. შესაძლოა, ზედმეტად კატეგორიული ვარ, მაგრამ ჩვენ, რიგითი ადამიანები ისე შევეჩვიეთ ინფორმაციის საეთერო ვერსიას, ისე ვცხოვრობთ ფსევდომითოსურად კონსტრუირებულ საეთერო სივრცეში და იმდენად ერთმნიშვნელოვნად აღმოვჩნდით საინფორმაციო სივრცით მონუსხულები, რომ ნამდვილი რელიგიური განცდისათვისა თუ ღირებულებათა მიმართ ჩვენი უშუალო, პიროვნული დადგინებისათვის არც დრო და არც ადგილი არ გვრჩება.

აშკარაა, რომ ტერორისტებისა და მათი ლობისთვის სხვისი სიცოცხლე მხოლოდ მასალაა, მხოლოდ საზარბაზნე ხორცია, რომლის გასროლამაც ხმაური უნდა გამოიწვიოს და სახელმწიფოს სტრუქტურირებული ძალაუფლების სივრცე საინფორმაციო ძალაუფლებით შეარყიოს. აი, რატომ ითვლება ტერორიზმი გლობალიზაციის ერთ–ერთ უმძიმეს სიმბოლოდ.

განსხვავებით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბესლანისა თუ ნორვეგიის საზარელი ტერაქტებისგან, პარიზში დატრიალებულ ტრაგედიასთან მუსლიმურ სამყაროს არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მიუხედავად პარიზის ტერაქტთან მსხვერპლის მასშტაბის არათანაზომადობისა, მედიაზე განხორციელებულმა ტერაქტმა კიდევ უფრო მძიმე რამ დაგვანახა - საინფორმაციო სივრცეშიც კი, სახელმწიფოს რაფინირებული ძალაუფლება უნებლიედ ვირტუალურ ძალაუფლებას უპირისპირდება, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. საინფორმაციო ძალაუფლების ერა ახლა დაიწყო. მხოლოდ მისი წყალობით გახდა შესაძლებელი ტრანსნაციონალური კომპანიების უზომოდ დიდი ეკონომიური წარმატება, ეკონომიკური პროცესებით პოლიტიკის მართვა, დეტერიტორიზაცია, ვესტერნიზაცია, ეთნიკურ, რელიგიურ და ზოგადად, კულტურულ იდენტობათა რღვევა. ამ ყველაფრის ინსრუმენტი ინფორმაციული ტექნოლოგიებია, რითიც ძალზე იოლია საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება და მისი სტრუქტურირება. სწორედ ფრანგი ფილოსოფოსები აღწერენ ამ მანიპულირების შედეგს, როგორც "მდუმარე უმრავლესობის ჩრდილს". შეხედეთ, როგორია თითქოს სპონტანურად გაჩენილი, მაგრამ სრულიად ორგანიზებული საზოგადოებრივი აზრი. და როგორ ფიქრობთ, რაზეა იგი მიმართული. იმ რელიგიურ გრძნობებსა და სიცხადეზე, რომლისთვისაც ტერორისტების მიერ არაერთხელ დატრიალებული ჯოჯოხეთი საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა? სრულიადაც არა. უწინამც საქმის გარჩევაზე, მტყუან-მართლის გარკვევაზე, ძალაუფლების იმ კომუნიკაციური სივრცის კონსტრუირებაზე, რომლის ფორმატს სრულიად სხვანი გვთავაზობენ, როგორც ღირებულებათა ორ სხვადასხვა აღწერას და რომელსაც უნებლიედ, როგორც ლოკომოტივს, ისე მიებმებიან ინფორმაციის "მომხმარებელნი" - სიტყვის თავისუფლების აპოლოგეტებიც და რელიგიური გრძნობებისადმი პატივისცემის გამოხატვის აპოლოგეტებიც. აღარავის ახსოვს არც ამ ყველაფრის რეალურ საფუძველში გარკვევა და აღარც იმაზე ფიქრი, როგორ გავარღვიოთ ამ მოჯადოვებული წრის რეჟიმი.

- ხომ არ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ მომხდარი მულტიკულტურის იდეის კრახის შედეგია ან ღია დაპირისპირების ფაზაში გადასული ცივილიზაციური დაპირისპირება, რომელსაც ცივილიზებულმა სამყარომ ჯერ არ იცის, როგორ დაუპირისპირდეს და გაუმკლავდეს. თქვენი აზრით, რასთან უფრო გვაქვს საქმე - ევროპაში მულტიკულტურის იდეის კრახთან, თუ ახლო აღმოსავლეთში "ისლამური სახელმწიფოს" გაჩენის გამო შუა ევროპაში ცივილიზაციურ დაპირისპირებასთან?

- დიახ, ალბათ ყველაფერი ერთადაა. ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით "მდარე" კულტურის რეჟიმი გაცილებით მყარი და ძნელად დასარღვევია პოლიტიკურ რეჟიმთან შედარებით. კულტურის რეჟიმი იმ ღირებულებათა საზრისებზე დგას, რომელსაც ნებისმიერ კულტურაში რელიგიური ( და არა მხოლოდ აღმსარებლური) საფუძველი აქვს. ამ რელიგიური სიცხადეების მიმართ დგინდებოდა და დგინდება ნებისმიერი კულტურა ყოფითი ქცევებითა და ჩვევებით დაწყებული, მაღალი თუ ნატიფი ხელოვნების ჩათვლით. სწორედ ამის გამო გლობალისტურმა დეტერიტორიზაციამ, რა თქმა უნდა, ცივილიზაციათა შეჯახება გამოიწვია. თუ "ცივი ომის" დროს ჯერ კიდევ შეიძლებოდა პირველ, მეორე და მესამე ქვეყნებად დაყოფილიყო მსოფლიო, რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოში უკვე ასეთმა დაყოფამ აზრი დაკარგა. ლიბერალიზმის იდეოლოგიამ კი, შემოიტანა მულტიკულტურალობის პარამეტრი, როცა შესაძლებელია, ამა თუ იმ კულტურის თუ სუბკულტურის უმცირესობამ მისთვის კულტურული მოცემულობით არაორგანულ გარემოში შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი კულტურა. რა თქმა უნდა, ამ ჰუმანური იდეის საზრისის ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ შედეგებზე დაკვირვებითღა იქნება შესაძლებელი. შედეგები კი ის არის, რაც არის. იმ სრულიად ბუნებრივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი მხოლოდ კეთილ საწყისზე არ დგას, ხშირ შემთხვევაში უმცირესობებმა თავისი სოციალური პოზიციის "კაპიტალიზაციას" მიჰყვეს ხელი, მით უფრო, რომ იდეოლოგიური კონიუნქტურა უმცირესობის ამ "კაპიტალის" განმტკიცებას უწყობს ხელს. იდეოლოგიური მანქანა კი ისეთი რამ გახლავთ, რომელიც აღარ დაგიდევთ, მისი რეჟიმის ქვეშ მყოფი ადამიანები მადლს შობენ, თუ ბოროტებას. ამიტომაც ამ ახალ რეალობაში თავად მულტიკულტურალიზმს კანონმდებლობის დონეზე მოუწევს პოლიტიკურ დისკურსში შესვლა, რომ მულტიკულტურალიზმის საფუძველში მყოფი - ჰუმანური იდეა გადაარჩინოს. ყველა სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ეს კეთილი იდეა მისივე იდეოლოგიზების მსხვერპლი გახდეს. ამის საშიშროება არა თუ არსებობს, არამედ სახეზეა და უკანასკნელი ტერაქტის განხილვების ფორმატიც ამის იქით არ მიდის. ისევ მხოლოდ ისლამური ფუნდამენტალიზმის გამო დგება მხოლოდ საკითხი ისე, გვავიწყდება კიდეც, რომ მედლის მეორე მხარეს შესაძლოა თავად მულტიკულტურული იდეოლოგიის კულტურაში დაბადებული მონსტრი - ევროპელი ბრეივიკი აღმოჩნდეს, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება ამ იდეოლოგიების მიღმა მდგარი ახალგზრდა ყმაწვილებისა და გოგონების დახოცვაზე.

სხვა თემაა, და რა თქმა უნდა, რომ რეალურად არსებობს მუსლიმური ფუნდამენტალიზმიც და სხვა ტიპის რელიგიური ექსტრემიზმიც, რომელთათვისაც უცხოა განსხვავებული ღირებულებითი საზრისების აღიარება. ამჯერად მუსლიმურმა ფუმდამენტალიზმმა ახალ ხერხს მიმართა - კანონმდებლობის სტრუქტურაში მოქცევით, მაგალითისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" შექმნით ის ცდილობს, სახელმწიფოებრივი პარადიგმის საზღვრებში მოაქციოს თავისი ქცევა, რომ პოლიტიკური დისკურსიც შეიძინოს. ამიტომ სრულიად აშკარაა, როცა ადამიანებს, რომლებსაც ისეთი შემოქმედებითი ნება ადუღაბებთ, როგორიც კულტურაა, იქ მხოლოდ კანონით დადგენილი ურთიერთობების გარდა, კულტურის მიერ სხვა კულტურის აღიარების ნებაც უნდა მონაწილეობდეს, რომელიც შეუძლებელი ხდება რიგ შემთხვევაში, რამდენადაც ნებისმიერი ომი კონკრეტული კულტურის, კონკრეტული ღირებულებების ექსპანსიას ემსახურება და ამის თვალსაჩინო მაგალითი მსოფლიო ისტორია გახლავთ.

- მე-20 საუკენემ დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე და ძალა საკმაოდ ბევრჯერ გვანახა. ევროპულმა დემოკრატიამ და საიმიგრაციო კანონმდებლობამ ათასობით მუსლიმს ევროპის ქვეყნებში ჩასვლისა და ცხოვრების საშუალება მისცა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორედაც რომ ევროპაში მულტიკულტურის იდეის კრახის გამო ფუნდამენტური ისლამი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას, რაზეც ახლო აღმოსავლეთში "ისლამური სახელმწიფოს" მრავალათასიანი ჯგუფების მიმდევრების გაჩენაც მეტყველებს. ამაზევე მეტყველებს გერმანიასა და შვეიცარიააში მუსლიმების მოთხოვნები იმდენი მეჩეთი იქნას აგებული, რამდენიც მათ სურთ, რამაც ამ ქვეყებში სულ ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციების ტალღა ააგორა. ფაქტია, რომ მომხდარის შემდეგ შუა ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები იძულებული იქნებიან, გაამკაცრონ ბრძოლა ფუნდამენტალურ ისლამთან, რაც თავის მხრივ ამ ჯგუფებისაგან წინააღმდეგობას გამოიწვევს. ფაქტია, რომ მომხდარმა შესაძლოა, სახიფათო ტენდენციას ჩაუყაროს საფუძველი. რამდენად დიდია ევროპაში რელიგიური ომის საფრთხე?

- დიახ, მე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ლიბერალური ღირებულებების სივრცეში არაერთი ექსტრემისტული იდეოლოგია და არა მხოლოდ მუსლიმური ფუნდამენტალიზმი, საკუთარი თავის, როგორც "უმცირესობის" სოციალური პოზიციის "კაპიტალიზაციას" ახდენს, სწორედ ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით. ეს ურთულესი თემაა და მუსლიმური ფუნდამენტალიზმის შემთხვევაში შესაძლოა, კიდევ სხვა რამ იყოს გასათვალისწინებელი. იარაღი, როგორც საბრძოლო, ისე ტექნოლოგიური ნებისმიერი ქვეყნის იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენს. თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი მისი "ღირებულებითი ატრიბუტია". ნებისმიერი სახელმწიფისა თუ ქვეყნის შინაგანი, ღირებულებითი დემონტაჟი იწყება მაშინ, როცა იგი იარაღით ვაჭრობას იწყებს, როცა იარაღს სასაქონლო ფუნქციას ანიჭებს და თავის რჩენის საშუალებად აქცევს. ამ ყოველივეს სწორედ ფრანგი ჟან ბოდრიარი თავის ცნობილ ესეში "ტერორიზმის სული" უწოდებს "სიტუაციის ტერორისტულ ტრანსფერს" და ამბობს, რომ ტერორიზმი არის პასუხი ახალი მსოფლიო ეკონომიური წესრიგის - გლობალიზაციის რაფინირებულ ტერორზე.

ამით მსოფლიო თითქოს საკუთარ გლობალიზაციას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რაც არ უნდა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შევაფერადოთ ტეროტიზმი, მას არც საზრისული, არც ღირებულებითი და არც იდეოლოგიური ბერკეტები არ გააჩნია. ასე რომ, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა სადღაც სხვა სიბრტყეზე დარჩა. ამჯერად ორი დემონი იბრძვის, ერთი, რომელიც უნიფიცირებას ეწევა ერების, ეთნოსების, რელიგიების, კულტურების და მეორე ამ ძალადობის საპირწინე და მისივე იდეოლოგიით გაუკუღმართებული ფსევდორელიგიურობა და ფსევდონაციონალიზმი, რომელსაც როგორც პირველს ( რომელსაც იდეალურად ზოგადადამიანური უნიფიცირების სურვილის ხარჯზე) საკუთარ ნამდვილ ადამიანურ უნიკალურ ეთნიკურობასა თუ ნამდვილ რელიგიურობასთან დიდი ხანია საერთო დაუკარგავთ. ამიტომ, სრულიად ცალსახაა ის კრიზისი, რომელშიც ეს ღირებულებათა "ომი" მიმდინარეობს. ევროპასაც და ისლამისტურ სახელმწიფოებსაც (და არა მხოლოდ მათ) მოუწევთ ამაზე დაფიქრება და იმ ღირსეული ურთიერთობის წესების დადგენა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთისათვის ხელის გაწვდენაც მოუწევთ ადამიანის იდეის გადასარჩენად.

- ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის ინფორმაციით, მარტო საფრანგეთში 750-ზე მეტი ე.წ. "შარიათული ზონაა", რომლებიც ფაქტობრივად ავტონომიური ტერიტორიებია, სადაც შარიათული კანონებით ცხოვრობენ და როგორც ამბობენ ფრანგული პოლიცია იქ ცხვირსაც ვერ ყოფს. თუმცა, სხვა მონაცემებით, საჭიროების შემთხვევაში პოლიცია ამგვარ ტერიტორიებზე საკმაოდ მკაცრადაც მოქმედებს. თქვენი აზრით, მომხდარზე როგორი იქნება საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების რეაქცია? მენიშნა ვერსალის სასახლეში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრა ექს-რეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან, რომელმაც თავის დროზე, როცა იგი საფრანგეთის შსს-ს მინისტრი იყო, პოლიტიკური კარიერა იმით გაიკეთა, რომ სასტიკად გაუსწორდა ემიგრანტებს, რომლებმაც საფრანგეთის არაერთ ქალაქებში აქციების მოწყობის გარდა არეულობები გამოიწვიეს, მაღაზიები, რესტორნები და მანქანები დაწვეს. . .

- თუ 750 სახელმწიფოსგან კონტროლს მიღმა დარჩენილი აგრესიული სუბკულტურა არსებობს, ეს უკვე საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა, რომ ვიფიქროთ, როგორი ექნება ხვალინდელი დღე არა მხოლოდ ევროპას, არამედ ჩვენს პლანეტას. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ ტეროტიზმმა მართლაც ისლამური ფუნდამენტალიზმის წიაღში იპოვა ნოყიერი ნიადაგი. ეს, ვფიქრობ ისლამური სამყაროს სერიოზული საფიქრალია. პარიზში დარტიალებულმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ სიტუაციის გადააზრების წინაშე ვდგავართ და ამის შესახებ თქვენ თქვენს კითხვაში მიუთითებთ კიდეც.

რა თქმა უნდა, ძალზე ბევრი იქნება დამოკიდებული იმ ადამიანთა აზროვნების თვალსაწიერსა და ნებაზე, რომელთაც "ძლიერნი ამა სოფლისანი" ჰქვიათ. ტერორიზმის მსოფლიო საფრთხე უკვე აღარ გახლავთ ვინმესთან ან რაიმე ძალასთან ომის უწინდელი კანონებით ბრძოლა ან გამკლავება და ეს დღეს უკვე აშკარაა. მნიშვნელოვანია ალბათ ისიც, როგორი რეაქცია ექნებათ ყოველივე ამაზე და კიდევ "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიაზე მუსლიმურ სახელმწიფოებს.

- როცა "ისლამური სახელმწიფოს" პრობლემაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს დაუზუსტებელი მონაცემებით "ისლამური სახელმწიფოს" მხარეზე მებრძოლი საქართველოს 100-მდე მოქალაქის არსებობის შესახებ. პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მცირე ჯგუფები, მაგრამ მაინც ჩვენი მოქალაქეები, ღიად უჭერენ მხარს "ისლამური სახელმწიფოს" შექმნას. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი რელიგიური განათლებას სხვადასხვა მუსლიმურ ქვეყნებში იღებენ, არაა გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნების მედრესეებში სასწავლებლად წასული საქართველოს მოქალაქებმა კვლავაც შეავსონ "ისლამური სახელმწიფოს" მხარადამჭერთა რიგები. ამ თვალსაზრისით რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ისლამურ ქვეყნების მედრესეებში სასწავლებლად წასული საქართველოს მოქალაქეები? და კიდევ, თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ როგორც სახელმწიფომ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებისაგან საფრთხეები მაქსიმალურად შემცირდეს?

- ეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მძიმე გამოწვევა გახლავთ. საქართველოში მუსლიმი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ გახლავთ, მათ რიგებშიც აღმოჩენილიყვნენ ექსტრემისტული განწყობის მქონე ადამიანები. ჩვენი ქვეყნის ეკონომიური პოტენციალის სიმწირის გამო არც ის არის გამორიცხული, მათი ხასიათის ამ თვისებებით სარგებლობდნენ ისინი, ვინც ამ ხასიათს კიდევ ფულითაც დააფინანსებს საკუთარი მიზნებისათვის. ამიტომ გარკვეული საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამიტომაც, საქართველოს, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო პოლიტიკის გარდა, შესამუშავებელი აქვს რელიგიური პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შემუშავება დაწყებულია. ნახევარი წელია, რაც დაარსდა რელიგიის საკითხთა სახელმწიგო სააგენტო, რომელიც ორიენტირებულია ამ მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავებაზე. მედრესეთა გახსნისა, თუ საქართველოში მუსლიმი მოსახლეობის სწავლების საკითხიც ალბათ ფაქიზ მოპყრობასა და დიდ ყურადღებას იმსახურებს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ჩვენ გვყოფნის ნება, ჩვენივე არაქართველ და ქართველ მუსლიმ ადამიანებს საქართველოში შევუქმნათ იმის პირობები, რომ შეეძლოთ საკუთარი რეელიგიის სიღრმეების წვდომა, მისი სწავლებაცა და სწავლაც.

საქართველო თავისი პოლიმოზაიკური კულტურით, პოლიეთნიკურობითა და პოლირელიგიური მრავალფეროვნებით სრულ საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შინაგანი რესურსი საიმისოდ, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ქვეყნის რელიგიური და საგანმანათლებლო პოლიტიკა სრულ უნისონში უნდა მოექცეს. ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ამაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. ახლა მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ მსოფლიო გამოწვევები და ღირსეული პარტნიორობა გავუწიოთ ჩვენში ჩვენსავე ღირსეულ და კეთილ ნებას, რომელიც მუდმივად გვკარნახობს, სად ვაშავებთ და სად ვართ მართალნი.

კობა ბენდელიანი
წყარო: "ინტერპრესნიუსი"








0 коммент.:

Post a Comment

ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა: