უკანასკნელ პერიოდში აშკარა ხდება, რომ ქართული კულტურა სრულიად ახალ ვითარებასა და რეჟიმში იწყებს მუშაობას და ცდილობს, ადაპტირდეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. რამდენად მდგრადია ქართული კულტურა ამ პროცესების მიმართ; რამდენად ახერხებს იგი თვითრეგულირებადი ავტონომიური რეჟიმის შენარჩუნებასა და მოწესრიგებას; არსებობის რა ვერსიას სთავაზობს მას მსოფლიო და როგორ ვერსიაში ცდილობს იგი მიუერთდეს იმ პროცესებს, რომელიც დღეს დომინანტურია; რა როლს თამაშობენ ქართული ელიტები ქართული კულტურის დღევანდელ ვერსიაში და თამაშობენ თუ არა რაიმე როლს ზოგადად. ეს ის შეკითხვებია, რომლებიც არ ტოვებენ გულგრილს არც ერთ ჩვენგანს, ვისთვისაც ქართული კულტურა ღირებულია, როგორც მსოფლიო პოლიმოზაიკური სივრცის ერთ-ერთი უნიკალური და თვითკმარი მოცემულობა.

კულტურა თავისთავად არაერთმნიშვნელოვანი ცნებაა. მისი შინაარსი ხშირ შემთხვევაში ძალზე საკამათო ხდება. თითქმის არ არსებობს არავითარი შეთანხმება, რას გულისხმობენ ხოლმე ამ ცნების ქვეშ. ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, კიდევ უფრო მძაფრსა და დრამატულს ხდის კულტურული იდენტობის თემას. თავისთავად არც სიტყვა „გლობალიზმი“ გახლავთ ერთმნიშვნელოვანი. ის ინფორმაციული ველი, რომელსაც ჩვენ გლობალურს ვუწოდებთ, სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეზე სხვადასხვა ფორმებში ავლენს თავს. მაგალითისათვის, გლობალიზაციას მსოფლიო ეკონომიური მოვლენების საფუძველზე მიმდინარე პროცესს უფრო უწოდებენ, ვიდრე რაიმე სხვას. ჩვენს შემთხვევაში საკითხი ალბათ ამგვარად დგას - რამდენად განაპირობებს ეკონომიური და პოლიტიკური გლობალიზაციის პროცესი კულტურის ახლებურ რეჟიმს, ან - საერთოდ - განაპირობებს თუ არა და რამდენად მდგრადია თითოეული და, კერძოდ, ქართული კულტურა გლობალიზაციური „აგრესიის“ მიმართ.

რაც საქართველოსათვის მართლაც პრობლემურია, არის ის, რომ ჩვენი კულტურა ცდილობს ახალ, მსოფლიო პროცესების რეჟიმზე გადაწყობას და ეს უკიდურესად მტკივნეულად მიმდინარეობს ჩვენთან.

უმთავრესი, რაც ამ სირთულეს განაპირობებს, არის ის, რომ ქართული ელიტის „ელიტებად“ ქცევამ რაღაც დროით შემოქმედებითი ღერძი გამოაცალა კულტურას. მოხდა ინტელიგენციის მარგინალიზაცია. ეს სრულიად შეუქცევადი პროცესია იმის გამო, რომ ელიტები თავად ახდენენ მონოლითური ერთიანი კულტურული რეჟიმის რღვევას და პასუხისმგებელნი ხდებიან დეკონსტრუირებული სივრცის კონკრეტულ უბანზე.

ერთიანი ელიტის რღვევა დასავლეთის სახელმწიფოებში ბურჟუაზიული რევოლუციების შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ ფინანსურ ელიტებს დასავლეთის სახელმწიფოებში უკვე რამდენიმე საუკუნის ტრადიცია აქვს და ამიტომაც საკუთარ სტრატედიებსაც უკეთესად აწყობენ და უკეთესადაც ახერხებენ თვითრეფლექსიას.

ერთიანი ქართული ელიტა კი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა ქართული არისტოკრატიის სახით და ისე გახდა ახალი სოციალური ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომ ვერ მოასწრო ვერავითარი რეფლექსია. ქართული საზოგადოება კი უცებ გადაიქცა „საბჭოთა მოქალაქეების” ქართულ კრებულად, სადაც მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას ხელეწიფებოდა იმპერიის შიგნით არსებული ყველა - ფინანსური, იდეოლოგიური თუ სხვა პროცესების მართვა.

ყველაფერი ეს უფრო კონკრეტული და თვალსაჩინო რომ იყოს, გავიხსენოთ - სულ ცოტა ხნის წინათაც კი ერთიანი ელიტა იყო ის სოციალური სეგმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავდა არა მხოლოდ კულტურის, არამედ ეკონომიკასა და პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების მართვასა და მათზე კონტროლს. იგი შემოქმედებითი იყო სრულიად ქართულ სოციალურ ველში მიმდინარე პროცესების მიმართ. განსხვავებით ერთიანი ელიტისაგან ელიტები საზოგადოებრივი ცხოვრების მხოლოდ ერთ სფეროზე ფლობენ ძალაუფლებასა და კონტროლის უნარიც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ სფეროში მიმდინარე პროცესებზე აქვთ.

ჩვენთვის, ქართველებისათვის მართლაც არსებობს ერთი საშიშროება - მსოფლიო გლობალური პროცესები ისეთი სიჩქარით მიმდინარეობს, რომ, შესაძლოა, მსოფლიო პროცესებში ინტეგრირებულმა ელიტებმა ფეხი კი აუწყონ ქართული კულტურისათვის სრულიად უცხო ტემპს, მაგრამ ასევე შესაძლოა დაკარგონ შიდა კომუნიკაციები, ელიტებს შორის შიდა კავშირები. ამისი ნიშნები არა თუ შეიმჩნება, არამედ ამ ბოლო დროს სრულიად გამოიკვეთა კიდევაც. ეს პროცესი კი არაფრით არ წაადგება სახელმწიფოს, როგორც მონოლითურ სისტემას. უფრო მეტიც, თავად სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები მხოლოდ არსებული კულტურის რეჟიმში ახერხებენ თვითრეალიზაციას, რადგან ეს კულტურა მათთვის სრულიად ორგანულია. ამიტომ დღეს პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რამდენად თვალს ვუსწორებთ და მხარს ვუბამთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, არამედ ისიც, რამდენად ვცდილობთ ჩვენი ორგანული სხეულის საკუთარი კულტურის რეჟიმში შენარჩუნებას.

დღეს ელიტებს შორის აუწყობელი შიდა კომუნიკაციები დეკონსტრუქციული კი არა, დესტრუქციულია. წარმოუდგენელია ბიზნეს-ელიტას არ ესმოდეს პოლიტიკური ელიტის, პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას ერთად ინტელექტუალური და სამეცნიერო ელიტის. ძალზე უცნაურია, მაგრამ პოლიტიკური ელიტა თავს ისევ მოვალედ მიიჩნევს, ბიზნესსივრცისა და ინტელექტუალური სივრცის მართვა და კონტროლი აიღოს თავისთავზე. ჯერჯერობით ამას საკმაო წარმატებითაც ახერხებს. მაგალითისათვის, პოლიტიკური ელიტის მიერ წამოწყებული განათლებისა და მეცნიერების რეფორმის თემა არ აიტაცა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ელიტამ. სწორედ რომ პირიქით მოხდა. პრობლემა მართლაც რომ სერიოზულია.

განათლების სისტემას რომ რეფორმა სჭირდება, ეს თავად სამეცნიერო და საგანმანათლებლო ელიტამაც დიდებულად იცის. განათლების რეფორმის ინიციატივა სწორედ მათგან წამოვიდა. მაგრამ დოკუმენტი განათლების რეფორმის შესახებ აკადემიურ წრეებში არ შექმნილა. დღეს მთელს საქართველოში განათლების რეფორმის იმ ვერსიას, რომელსაც პოლიტიკური ელიტა გვთავაზობს, საფრთხედ აღიქვამენ და ქართული იდენტობის რღვევის საშიშროებად განიცდიან. აი, სად და როგორ ხდება კომუნიკაციური მექანიზმების დატოვება „ნაციონალურ კონტროლს“ (ამ ცნებას სახელმწიფოებრივი ნების აღსაწერად იყენებენ) მიღმა. იგივე შეიძლება ითქვას ბიზნეს ელიტასა და სამეცნიერო ელიტას, ბიზნეს ელიტასა და პოლიტიკურ ელიტას შორის შიდა სახელმწიფოებრივ კომუნიკაციაზე. სწორედ ეს პრობლემა დგას დღევანდელ საქართველოში. ჯერაც ვერ ხერხდება ქართული კულტურის სასარგებლოდ ელიტათა შორის როლების გადანაწილება. მათ შორის სწორად და ბუნებრივად არსებული კომუნიკაცია კულტურის ორგანულ თვითრეგულირებად სისტემას - კულტურის რეჟიმს ქმნის, სადაც იდენტობათა რღვევის საშიშროება მართლაც ძალზე მცირეა.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული ელიტ-ჯგუფები ვერ მოახერხებენ ერთმანეთში მჭიდრო დიალოგის აწყობას, საკმარისად დიდი იქნება იმის საშიშროება, რომ ქართული ელიტები მთლიანად დარჩნენ მიბმულნი საქართველოს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, გარე ელიტებსა ან ფსევდოელიტებზე. ეს კი ძალიან ბევრი რისკის წინაშე აყენებს ზოგადად ქართულ კულტურას. გარდა იმისა რომ მას სულიერების „second hand“-ად გადაქცევა ემუქრება, იგი თავისი ორგანიზმის ევოლუციურ მართვას ვეღარ ახერხებს და ქაოსი და რევოლუციური განწყობილებები მისი შინაგანი დრამატიზმის განმსაზღვრელი განცდები იქნება სამუდამოდ. ასეთი ტიპის რეჟიმი კი თავისთავად საშიშროებას უქმნის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარე სამყაროსაც.

გარე სამყაროს ამიტომაც აქვს ბუნენრივი თავდაცვის ინსტიქტი ყველა მსგავსი შფოთისაგან და იგი ბუნებრივად იმუშავებს ასეთი სიტუაციისათვის ქაოსის მართვის მექანიზმებს. ასეთ შემთხვევაში მოცემული სოციო-კულტურული სივრცე სრულიად ხდება დამოკიდებული მართვის იმ მექანიზმებზე, რომელსაც მას გარედან სთავაზობენ, ხოლო ელიტები უნებლიედ იქცევიან გარე ძალების ემისრებად. ჩვენი უკანასკნელი 15-წლიანი ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ გარე სამყაროსათვის. საფრთხეს წარმოვადგენთ მხოლოდ საკუთრივ ჩვენთვის, საკუთარი თავისათვის.

ჩვენ უნებლიედ ძალზე ფაქიზ თემას შევეხეთ. - არსებობს კი რესურსი, რომ მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან ავიცილოთ? ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის 15-16 წლის მანძილზე, როცა ძალძე რთული იყო ელიტებად დადგომის პროცესი, მეტ-ნაკლებად მტკივნეულად ეს მაინც მოხერხდა და დღეს ეს პროცესი წარმატებით გრძელდება. ჩვენი ნებისმიერი ელიტა ძალზე მგრძნობიარეა. თითოეული მათგანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მათი მსოფლიო პროცესებიდან მარგინალიზაცია, რისი ნიშნებიც უკვე აშკარად შეიმჩნევა. ამისაგან თავდაცვა ერთადერთ შემთხვევაში მოხდება - თუ შესაძლებელი გახდება, რომ თავად ელიტები აღმოჩნდნენ ჩვენი სივრცის მაკონსტრუირებელნი მათთვის სრულიად ბუნებრივი და ორგანული რესურსით - თითოეულისათვის თავადვე აგებული ღირებულებათა სისტემით, რომელიც გადამწყვეტი რესურსია ყოველი მათგანის სახოვანებისათვის.

სიტყვამ მოიტანა და ცოტაოდენს მათ სახოვნებაზეც ვიტყვით (თუმცა კი აქვე დავსძენთ, რომ თითოეული მათგანის სახის ეს აღწერა ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეულია თუნდაც მხოლოდ იმიტომაც, რომ ამ კულტურისა და ელიტების ორგანულ ნაწილად მივიჩნევთ თავს).

პოლიტიკური ელიტა ვერა და ვერ ექცევა გარკვეული იდენტობების ფარგლებში. ჩამოყალიბდა ე.წ. პარლამენტართა. კასტა, რომელსაც ვერ მიაკუთვნებ ვერც ერთი სოციალური ჯგუფის კულტურას. იგი არც ინტილიგენტია, არც გლეხია, არც ბურჟუა, არც „შავია“, არც „ცისფერი“ - არ ატარებს არც ერთის ნიშანს და მით უფრო არც ერთის კულტურას. მას ვერც სხვა ტიპის აღწერაში მოაქცევ - იგი არც კონკრეტულ ღირებულებებს ატარებს - არც სიმართლეს, არც ემოციას, არც სიბრძნეს, არც რიტორიკას, ამიტომაც იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გარკვეულ ღირებულებათა სისტემაზე არიან ორიენტირებულნი (მნიშვნელობა არა აქვს - „კარგზე“ თუ „ცუდზე“), ძალზე ძნელია მათთან კომუნიკაცია. ამიტომაც თუ წინა ხელისუფლებასთან გაუცხოვება გვქონდა, ახლა გვაქვს დაკვირვება და გაკვირვება - რა უნდათ? რა ღირებულებებს ატარებენ, ან თუ ატარებენ საერთოდ.

ზოგადად საზოგადოება სტრუქტურირებულია. იგი ორგანიზმია. მას აქვს ფიზიკური, ემოციური, გონიერი სხეული. ორგანიზმია, რომელსაც თავიც აქვს, თვალიც და სხვა დანარჩენიც. როცა ინტელექტი ან გონიერება და სიბრძნე ლაპარაკობს, აშკარაა, რომ ეს ერის ღვთაებრივი, გონითი ძალისხმევაა. როცა ემოცია „ლაპარაკობს“, აქაც აშკარაა, რომ ეს სულიერებით სავსე გულწრფელი ძალაა. როცა ჩვენი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, მათ იდენტობას ვერაფერთან დაინახავ. მათ რიტორიკაში მუდმივად ისმის სიტყვები - დასავლეთი, დემოკრატია. ეს მათგან ძალიან უცნაურია, რადგან დასავლეთი ღირებულებებზეა აგებული. ეს ღირებულებები დასავლეთში გარედან არ არის ჩათესლილი. მან თავისი არსებობის ის ვერსია, რომელშიც ცხოვრობს, საკუთარი არსობრივი შფოთითა და მუხტით ააწყო. დასავლური პოლიტიკური ელიტა ფინანსური და ინტელექტუალური ელიტებით სულდგმულობს და კონტროლდება კიდევაც. საკუთარი რესურსიც მას სწორედ ინტელექტუალურ და ფინანსურ ელიტაში ეგულება.

ქართული პოლიტიკური ელიტისათვის ფინანსური და ინტელექტუალური ელიტა მტრად მოიაზრება. ამიტომ ცდილობს პოლიტიკური ელიტა დანარჩენი ორის საკუთარი ძალაუფლებით კონტროლსა და დამორჩილებას. ასეთ კომუნიკაციაში მყოფი დანარჩენი ელიტებიც უნდობლად ეკიდებიან პოლიტიკოსებსაცა და ერთმანეთსაც და არაკომუნიკაბელურ ჰერმეტულ სივრცეს ქმნიან თავიანთ გარშემო. შიდა კომუნიკაციური სისტემა რაღა თქმა უნდა, დარღვეულია. სამაგიეროდ თითოეული მათგანი ღიაა გარე ძალებისათვის, რომელთა მიმართ თავს თავისდაუნებლიედ მარგინალად განიცდის.

ცოტაოდენი ქართულ ინტელექტუალურ ელიტაზეც ვთქვათ.

ერთი მხრივ, უდაოა, რომ სრულიად აშკარად ხდება საგანმნათლებლო და სამეცნიერო ელიტის მარგინალიზაცია. მეორე მხრივ, მოხდა საკმაოდ უცნაური რამ - ახალგაზრდა ინტელექტუალების თაობა გადაიქცა ე.წ. არასამთავრობო სექტორის დაქირავებულ მუშახელად. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ძალები უწევენ ლობირებას უცხოელ დამფინანსებლებთან და ამიტომაც მათი სამოძრაო სივრცე შეზღუდულია იმ იდეოლოგიით, რომლის დამკვიდრებისთვისაც ე.წ. საერთაშორისო ფონდები „გაიღებენ მოწყალებას“. ასეთი ტიპის ურთიერთობა უცხოელ დამფინანსებლებთან თითქმის სრულიად აკმაყოფილებს ჩვენი ინტელექტუალების პატივმოყვარეობას - რამდემადაც წარმატებით ექმნებათ მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიურ პროცესებში ჩართულობის ილუზია. თანაც, აკადემიური ინტელექტუალური წრეებისაგან განსხვავებით ისინი ფინანსურადაც საკმაოდ უზრუნველყოფილნი არიან. გარდა ამისა, ვარდების რევოლუციამ' ნათელი გახადა შემდეგი რამ: ასეთი ტიპის საზოგადოებრივი აქტივობა ფრიად მომგებიანი გზაა სახელისუფლებო სივრცეში გადაბარგებისათვის.

რაც შეეხება ქართულ ფინანსურ ელიტას, ვერც ის დაიქადნის შინაგან კრეატიულობასა და საკუთარი პერსპექტივის ხედვის უნარს. ჩვენი ფინანსური ელიტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად გარე ფინანსური ნაკადებით იკვებებოდა და კვებავდა არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ თვითონ პოლიტიკასაც. ამ ინერციაში მყოფი ახალი ხელისუფლებაც - ვერ გათვალა რა ახლადგაჩენილი თუ ახალი ფინანსური ელიტისა და პოლიტიკის ურთიერთობის სამომავლო ფორმები - პირველივე დღეებიდან ძირითადად სახელისუფლო რეკეტით დაკავდა და სამუდამოდ მოუსპო პერსპექტივა ფინანსური ელიტის არსებობის ავტონომიურ ფორმებს. ამ შემთხვევაში კი მართლა იყო იმის შანსი, რომ ფინანსურ ელიტას პასუხისმგებლობა აეღო ქართულ პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაზე და ამით არა მხოლოდ საკუთარი ავტონომიურობა მოეპოვებინა, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრივი არსებობის ფორმების შემქმნელიც გამხდარიყო. ასეთი წესითა და ამგვარად - ეკონომიური პროცესებით - აიგო დემოკრატიული მსოფლიოს სახელმწიფოებრივი ფორმები და ასე აგრძელებს იგი ცხოვრებას დღემდე. დღეს კი ეკონომიური და ფინანსური ელიტა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნების, არამედ უკვე მსოფლიო პროცესების მართვაზე აცხადებს პრეტენზიას. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს (და, ალბათ, არა მხოლოდ ბოლო დროს) განვითარებული მოვლებები ამისი ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია. სწორედ გარე ფინანსური ელიტების მითითებით მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით კანონშემოქმედება, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც უკანასკნელ დროს ჩვენს თვალწინ თამაშდება. მსოფლიო პროცესებთან მექანიკურად მიერთებული ჩვენი ქართული ელიტები კი საკუთარ ქცევას ე. წ. ზეეროვნული ღირებულებებით ხსნიან.

ზეეროვნული ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც საყოველთაო ქცევის უნივერსალურ ფორმებზეა აგებული, თავის შიგნით მაინც მონიშნული და დასახსრულია. ის ზეეროვნული ღირებულებები, რომლებიც საერთოა ნებისმიერი კულტურისათვის და არა მხოლოდ კულტურისათვის, რელიგიისათვისაც კი, სრულიად ბუნებრივად მოიცავს საკუთარ თავში ეთნიკურ და ნაციონალურ კულტურათა მრავალფეროვნებას. ამიტომ, ვფიქრობთ, როგორც ყოველთვის, ახლაც არ უნდა გადავაჭარბოთ გლობალიზაციის შეფასებაში. იგი მორიგი ეპოქალური ვითარებაა ყველა კულტურისათვის და, შესაბამისად, ახალი მითი, ოღონდ თავისი რეალური საფუძვლით. გლობალიზაციის მსოფლიო პროცესები მხოლოდ კონკრეტული კულტურების შემოქმედებითი რესურსებით იკვებებიან. ეს რესურსები ჩვენ ჩვენთვის გვაქვს მოსაძებნი. იგი ორივე რეჟიმში - გლობალურსა და ეროვნულში - ძალზე ბუნებრივად მოგვაძებნინებს ჩვენი არსებობის ფორმებს.

პასუხისმგებლობა ამ ძიებაზე კი ჩვენმა ელიტებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე.

ლელა იაკობიშვილი

0 коммент.:

Post a Comment

ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა: