დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი, როგორც ღირებულება ჩვენთვის ცნობილ საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკვლევაში უცვლელად იკავებს პირველ ადგილს და მისი რეიტინგი 80%–დან 98%–მდე მერყეობს. სოციოლოგებისა და კულტუროლოგების შეფასებით, ეს ღირებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების ტიპიური წევრის სოციალურ ქცევას, სოციალურ პროექტებს და კულტურულ პარადიგმებს. ესაა ის აუცილებელი პრიზმა, რომელშიც გარდატყდება ყველა სხვა ღირებულება. ბოლო წლების განმავლობაში რელიგიური მრწამსის, როგორც ღირებულების წინა პლანზე წამოწევა (ბოლო გამოკითხვების თანახმად, ღირებულებათა პირველ სამეულში მას გამოკითხულთა 30–50% ასახელებს) ხდება არა ამ ღირებულების ხარჯზე, არამედ მასთან სოლიდარულად და ისინი, უმალ, ერთმანეთს ამყარებენ.
ამასთან, ამ ორი ღირებულების მიმართ დამოკიდებულება არსებითად განსხვავდება. თუ რელიგიური მრწამსის მიმართ დამოკიდებულება უმრავლეს შემთხვევაში კულტურის ტრადიციითაა განპირობებული და ეკლესია უმალ კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს, კულტურის წევრთა კოლექტიურ იდენტობას რომ უზრუნველყოფს, ოჯახი საზოგადოების რიგითი წევრისათვის პიროვნული იდენტობის ფორმა, მისი არსებობის უმთავრესი და გარდუვალი სივრცეა, რომელსაც კონკურენციას ვერ გაუწევს ვერც ეკლესია, ვერც სამშობლო და ვერც სამსახური. უფრო მეტიც, ერთიც, მეორეცა და მესამეც, უმალ, ამ უმთავრესი ღირებულების სამსახურში დგება.
ოჯახის მიმართ დამოკიდებულება დაკავშირებულია სქესობრივ იდენტობასთან და სახელმწიფოს ფუნქციის განსაზღვრასთან. ის გარემოება, რომ ქართული საზოგადოების რიგითი წევრი ასეთი მგრძნობიარეა სქესობრივი იდენტობის დარღვევისა და სქესთა როლურ–ფუნქციონალურ განაწილებ0ს მიმართ, დაკავშირებულია ოჯახთან, როგორც სოციალური იდენტობის უმთავრეს ფორმასთან და მისი რღვევის საშიშროების განცდასთან.
ოჯახის როლის გამძაფრება დაკავშირებულია არა მხოლოდ ტრადიციულ ნორმებთან, არამედ იმასთანაც, რომ ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრი შვიდი ათწლეულის განმავლობაში, არსებითად, განდევნილი იყო სოციალური იდენტობის სხვა ფორმებიდან. ერთადერთი სოციალური სფერო, სადაც იგი თავს თავისუფლად გრძნობდა და სადაც მისი თვითრეალიზება თითქმის შეუზღუდველად ხდებოდა, იყო ოჯახი.
მიუხედავად შკალაზე ოჯახის, როგორც ღირებულების უპირობო ლიდერობისა, დღეს ოჯახის სტრუქტურამ საკმაო მეტამორფოზა განიცადა და ეს უკავშირდება იმ გლობალურ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. დღეს, როგორც მთელი ქართული სოციო–კულტურული ორგანიზმი, ოჯახიც კონფლიქტური სტრუქტურაა და ამ კონფლიქტში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როგორც გლობალური ეკონომიური პროცესები, ასევე ამ პროცესებს მიბმული გენდერული როლის ცვლილება ოჯახში. ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – მიუხედავად ახალგაზრდული ოჯახის სურვილისა (ევროპული სოციალური სტრუქტურების შესაბამისად) დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდნენ და არ იყვნენ მიბმული ტრადიციულ სამთაობიან პატრიარქალური სტრუქტურით მოწყობილ ოჯახს, ეკონომიკური ვითარება და დამოუკიდებელი ეკონომიკური ცხოვრების მოპოვების გზების დეფიციტი ახალგაზრდებს აიძულებს ტრადიციული ოჯახის ფარგლებში დარჩნენ, რაც მკვეთრად ამცირებს მათ სოციალურ აქტივობას.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ღირებულებითი კონფლიქტი, რომელიც დღეს წარმოიქმნება ოჯახის სოციო–კულტურული აღწერისას.
ტრადიციული ღირებულებების მიხედვით ოჯახი გახლავთ როგორც სოციო–კულტურული, ასევე ეკონომიკური სტრუქტურა თავისი როლებრივი გადანაწილებით.
ტრადიციული გაგებით ქართული ოჯახის უმთავრესი სოციალური აგენტი მამაკაცია, რომელსაც აკისრია სოციალურ ველში ოჯახის „სახის“ ფუნქცია. ოჯახი მამაკაცის ფიგურის გარშემო იგებოდა. ის არ ტოვებდა თავის საცხოვრისს ქორწინების შემთხვევაში და ოჯახში „შემოჰყავდა“ ქალი. ტრადიციულ ოჯახში მამაკაცს ევალება სოციალურ სივრცეში ყოფილიყო წარმატებული. მას ეკისრებოდა ოჯახის ფიზიკური, სოციალური დაცვისა და ეკონომიური დონორის ფუნქცია. ის წარმართავდა ოჯახის ბედს და უმნიშვნელოვანესი იყო, ვისზე და როგორი ოჯახიდან „გამოსულ“ ქალზე იქორწინებდა – ანუ ვის შემოიყვანდა ოჯახში და ვის მიანიჭებდა დიასახლისის ფუნქციას. დიასახლისი ეკონომიური მენეჯერის როლს ასრულებდა ოჯახის შიგნით. ის ადგენდა ოჯახში ეკონომიკურ პრიორიტეტებს და ანაწილებდა შემოსავალს ოჯახსა და შვილებზე.
დღეს აშკარაა, რომ ჩნდება ეჭვი ოჯახის, როგორც მტკიცე სოციალური სტრუქტურის მიმარ.
დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ქართული ოჯახები საშუალოდ 4–5 სულიანია. ხანდაზმული ოჯახის რიცხობრივი მაჩვენებელი (40–ს გადაცილებული წყვილი) გაცილებით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა. განქორწინების მაჩვენელი ახალგაზრდა ოჯახებში კატასტროფულია. საშუალოდ, საქართველოს მასშტაბით ყოველი მე–4 წევრი ოჯახიდან წასულია ე.წ. „საშოვარზე“ და უცხოეთიდან ინახავს ოჯახს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ოჯახებში უმრავლესობა არ მიიჩნევს, რომ მათი ოჯახი დანგრეულია. მხოლოდ ეკონომიური პირობებით ხსნის მეუღლეების დაცილებას. (!)
მთელი საქართველოს მასშტაბით ეკონომიური სიდუხჭირის ზღვარზე მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი სამჯერ აღემატება იმ ოჯახების რიცხვს, რომლის თითოეულ წევრს საშუალოდ ე. წ.“ საარსებო კალათა“ მოეპოვებათ. საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახთა რიცხვი წარმოუდგენლად დაბალია (საშუალო ფენის არარსებობის გამო).
მხოლოდ ამ მონაცემთა მოხმობაც კი საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ, რომ ოჯახი, როგორც მყარი სტრუქტურა მხოლოდ კულტურული სხეულის მეხსიერების სივრცესღა აქვს შემორჩენილი და იგი, როგორც ღირებულებითი საზრისი ამგვარი ტენდენციის ფონზე მომდევნო ათწლიან პერსპექტივაში შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს.
როლებრივი სტრუქტურები ქართულ ოჯახში
ისტორიული დისკურსი
საქართველოს მფარველი, როგორც საყოველთაოდაა აღიარებული, ქალია – ღვთისმშობელი მარიამი. ასევე ქალი - წმინდა ნინო - მიჩნეულია ქართველების განმანათლებლად და ქრისტიანობის გამავრცელებლად. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოც ქალია – თამარ მეფე. ამ სამმა მითოლოგემამ ბევრწილად განსაზღვრა ქართული ოჯახების როლებრივი სტრუქტურა და ამ როლების ადგილი კულტურაში.
ფეოდალურ საქართველოში ქალთა სოციალური სტატუსი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის, რთული პოლიტიკური ვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, აგრეთვე გეოგრაფიული ფაქტორების, კულტურული და ისტორიული თავისებურებების ფონზე ყალიბდებოდა. შუა საუკუნეების საქართველოში მამაკაცის ძალაუფლებას ქალზე არასდროს ჰქონია ისეთი უკიდურესი ფორმები, როგორც აღმოსავლეთის მუსლიმანურ და დასავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში. პროფესორი გიორგი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ ფეოდალურ საქართველოში არ არსებობდა პირველი ღამის უფლება. ქალის ტრადიციული უფლებრივი მდგომარეობის მაჩვენებელია მისთვის მინიჭებული განქორწინების უფლებაც, რომელიც მთელ ქრისტიანულ სამყაროში აკრძალული იყო. თუ ქართული სამართლის ძეგლებს მივმართავთ, ვნახავთ, რომ კანონი განქორწინებას დასაშვებად თვლიდა ზოგ შემთხვევაში (მაგ., ქმრის ღალატის, მამაკაცის იმპოტენციის დროს). ოჯახის მიტოვების შემთხვევაში კი ორივე სქესის მეუღლე ისჯებოდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ქალის სოციალური ფუნქცია მეუღლეობით, ახალი თაობის კვლავწარმოებით და საოჯახო შრომით განისაზღვრებოდა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, საოჯახო მოვალეობის შესრულებით უნდა ყოფილიყო დაკავებული. ქალის მიერ მამაკაცური სამუშაოების შესრულება საზოგადოების მხრიდან მოწონებით არ სარგებლობდა. მაგრამ XIX საუკუნეში უკვე დაიწყო ქალის ფუნქციებისადმი კონსერვატიული დამოკიდებულების მძაფრი კრიტიკა.
ეს ტალღა საქართველოში პირველი ლიბერალური ღირებულებების შემოსვლამ განაპირობა. საქართველოში სწორედ მაშინ დაიწყო ოჯახის შიგნით როლების გენდერული როლების გადანაწილებაზე ფიქრი და განსჯა.
ლიბერალური ღირებულებების მოზიარე ილია ჭავჭავაძემ ქალთა საკითხი საზოგადოებრივ მოქალაქეობრივ უფლებას დაუკავშირა. უკვე მაშინ იგი ქალის პროფესიულ შრომას საზოგადოების ნორმალური განვითარების და ქალის თავისუფლების აუცილებელ პირობად თვლიდა.
ილია აღიარებდა ქალის თანასწორ უფლებებს და მოვალეობებს, საზოგადოებრივი საქმიანობის და კულტურის ყოველ დარგში. ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში იგი ხედავდა იმ ჩანასახებს, რომლებსაც მოჰქონდა ქალის უფლებრივი გათანაბრება მამაკაცებთან. იგი წერდა: "შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად". (ი.ჭავჭავაძე თხზულებანი, 1928 წ., ტ. VIII., "ქართული წიგნის" გამოცემა. გვ. 278).
ქალთა მოძრაობამ დასავლეთსა და საქართველოში, ილიას აზრით, ცხადი გახადა, რომ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ შრომაში ჩაებან, ფასეულობა შექმნან და ამიტომ ის "უსამართლობა, რომელიც დღეს აქომამდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას საძიძაოდან და სამზარეულოდან გარედ არ უშვებდა და ამათ გარეთ არავითარს საქმეში მონაწილედ არა ხდიდა, ასე, რომ ლუკმა-პურის საშოვრის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულ მოძრაობას". (იქვე გვ. 279).
ილიას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ მიაჩნდა თვით ქალთა მასების დაინტერესება თავიანთივე გათავისუფლების საქმით. მას "უკბილო საყვედურად და უქმ ჩივილად მიაჩნდა ქალების მამაკაცებზე წუწუნი - აი თქვე გულქვა კაცებო, რატომ თქვენს უფლებას ჩვენც არ გაგვინაწილებთ" და ქალთა განთავისუფლების მთავარ პირობად თვით ქალების ინიციატივა და აქტიურობა მიაჩნდა. ეს ინიციატივა და თვითმოქმედება ქალებს უნდა დაეწყოთ თავიანთი სწავლა-განათლების უზრუნველყოფით, ვინაიდან ამის გარეშე, ილიას აზრით, სულ უქმია ლაპარაკი მათ გათანასწორებაზე მამაკაცებთან. ამ გზით მათ შეუძლიათ მოიპოვონ ადამიანური უფლება და ღირსება, ანუ გათავისუფლდნენ. ამიტომ იყო, რომ ილია ჭავჭავაძე დიდი სიხარულით შეეგება "ქართველი ქალის წერილს", რომელიც 1889 წლის 4 მარტის "ივერიაში" დაიბეჭდა სათაურით: "საზოგადოების საყურადღებოდ", სადაც "ქართველი ქალი"* მოუწოდებდა ქალებს თვითონ აეღოთ თავზე ქალთა სასწავლებლის გახსნა და საკუთარი განათლების ხელმძღვანელობა. მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ ქართველ ქალებს თავი დაეღწიათ იმ თითქოს "უწმინდესი და უსამღვთოესი დანიშნულებიდან", როგორიცაა მხოლოდ დედობა, ცოლობა, დობა. ყოველივე ეს ილიას მიაჩნდა ქალის საპატიო მოვალეობად, მაგრამ მისი დანიშნულების მხოლოდ ამით ამოწურვა – დიდ რეგრესულ, უსამართლო და რეაქციულ საქმედ. სწავლა-განათლების გზით დაამტკიცებს ქალი, რომ იგი სრულუფლებიანი ადამიანია და შეუძლია, მამაკაცის მსგავსად, შეასრულოს ყოველი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ფუნქცია და ამავე დროს იყოს საუკეთესო დედა, ცოლი და და. ამ თემის დასამტკიცებლად ილია ქალთა ემანსიპაციის მოწინააღმდეგე გ. თუმანოვთან კამათის დროს მიმართავს კარლ მარქსს: "მოვიყვანთ მარქსის ნათქვამს", - წერს ილია და მოჰყავს მისი შემდეგი სიტყვები: "როგორიც დედაკაცია, ისეთი ოჯახიცაა, როგორიც ოჯახია, ისეთი სახელმწიფოცაა" (ი.ჭავჭავაძე თხზულებანი, 1928 წ., ტ. IX "ქართული წიგნის" გამოცემა. გვ. 324).
ილია ეთანხმება ამ სიტყვებს, როგორც უდავო ჭეშმარტებას ქალის როლის ღირსეულად დაფასებისათვის და ენერგიულად იბრძვის ქალის ფართო მეცნიერული და ტექნიკური განათლების უზრუნველყოფისათვის და საზოგადოებრივი აქტიურობისათვის.
სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში აღინიშნა ქალის უფლებების ზრდა როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე, რასაც კაპიტალიზმის განვითარებამაც შეუწყო ხელი. ჩამოყალიბდა მუშა ქალების ფენა. XX საუკუკნის დასაწყისში გაიხსნა კავკასიაში პირველი ქალთა უმაღლესი სასწავლებელი - ქალთა უმაღლესი კურსები. გარკვეული წარმატება იქნა მიღწეული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში.
ერთ-ერთ პირველ ქალთა ფორმალურ ორგანიზაციას, "ქართველ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციას", რომელმაც ფართო საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მუშაობა ჩაატარა, სწორედ ილიას მეუღლე – ოლღა გურამიშვილი ხელმძღვანელობდა.
ქალთა ორგანიზაციების მასობრივი შექმნის ტენდენციები საქართველოში 1905 წლის რევოლუციის შემდეგ გაჩნდა. იქამდე გამოკვეთილ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო სფეროს ქალთა უფლებათა დაცვა მიემატა.
ქალთა პირველი ფორმალიზებული, ხშირად დროებითი, გაერთიანებები სხვადასხვა წრის, კომისიის და კომიტეტის სახით ფუნქციონირებდნენ, მათგან აღსანიშნავია უკვე ზემოთ ხსენებული "ქართველ ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაცია", "თბილისელ ქალთა წრის კომისია", "ქართველ ქალთა საზოგადოება" და სხვ. მათში ისეთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქალები იყვნენ ჩაბმული, როგორებიც იყვნენ ოლღა გურამიშვილი, ნინო ტატიშვილი-ყიფიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი.
1902 წელს "თბილისელ ქალთა წრის" მიერ დაარსდა სასწავლებელი ღარიბი გოგონებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდას. სკოლას მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას უწევდა დავით სარაჯიშვილის მეუღლე – ეკატერინე ფორაქიშვილი.
სკოლა მთავრობამ 1908 წელს დახურა, რაც მძლავრი ბიძგი აღმოჩნდა ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნისათვის როგორიცაა მაგ. საზოგადოება "ცოდნა".
ქალთა წრის მონაწილე იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელმაც შემდგომში თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონ-გრუზინსკისთან ერთად დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია ე.წ. "დამწვრობის კომიტეტი", რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა 1905 წლის მასობრივი გამოსვლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც ქალთა სამართლებრივი საკითხებით იყო დაინტერესებული, - "თბილისელ ქალთა საზოგადოება" დაარსებული იქნა ცნობილი ჟურნალისტისა და მწერალი ქალის დომინიკა ერისთავის მიერ, რომელიც ცნობილი იყო "განდეგილის" ფსევდონიმით. ორგანიზაცია ეყრდნობოდა რუსეთის ქალთა საზოგადოების პროგრამას და აქცენტს ქალთა თავისუფლების იდეაზე აკეთებდა. იგი იდეას ქალთა თავისუფლების შესახებ ფართო პროპაგანდას უწევდა და იმავდროულად ეწეოდა ქველმოქმედებას, აწყობდა მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს.
მნიშვნელოვანი იყო საზოგადოება "განათლების" მიერ წარმოებული მუშაობა ქართული სკოლის განვითარების საქმეში. სკოლას მწერალი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი ხელმძღვანელობდა.
ქალთა განათლებისა და უფლებების დამცველი საზოგადოებები გაჩნდა როგორც თბილისში, ისე პროვინციებშიც. მნიშვნელოვანი იყო მათზე სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენა.
1905 წელს ანასტასია გედევანიშვილის მიერ დაარსდა "ქალთა თანასწორობის საქართველოს კავშირი", რომელიც მიზნად ქალთა პოლიტიკურ გათავისუფლებას ისახავდა. რეგიონული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია "საქართველოს ქალთა ფოთის საზოგადოება", რომლის მიზანიც მუშა-ქალთა გათვითცნობირება იყო. ორგანიზაციის დამაარსებელი იყო მწერალი, სოციალ-დემოკრატი ქალი ლიდია მამულაშვილი-მეგრელიძე.
ზოგიერთ რეგიონულ ორგანიზაციას თავისი ფილიალები სოფლებშიც ჰქონდა. ასეთ ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნებოდა მწერალი ქალის ანასტასია ხოშტარია-ერისთავის მიერ 1913 წელს გორში დაარსებული ქალთა გაერთიანება "მანდილი".
ეს გახლდათ ის საზოგადოებრივი განწყობები და ტენდენციები, რომლებმაც უკვე წინა ორ საუკუნეში ეჭვი შეიტანეს ოჯახის– როგორც ფეოდალურად ტრადიციული ინსტიტუტის უტყუარ ღირებულებაში.
საბჭოთა პერიოდმა ანუ უახლეს დროში გლობალიზაციის მეორე ტალღამ კიდევ უფრო ეჭვქვეშ დააყენა ოჯახი, როგორც ისეთი მყარი ღირებულება, რომელიც შიდა როლებრივ მეტამორფოზებს არ ექვემდებარება.
იმ პერიოდში, როდესაც საქართველო სსრკ-ის ნაწილს შეადგენდა, აქ მიმდინარე ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენა, ასე თუ ისე, საქართველოსთვისაც იყო დამახასიათებელი. ყოფილ საბჭოთა კავშირში ქართველი ქალები თავისი განათლებით, პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით ლიდერობდნენ. 1989 წლის აღწერის შედეგად ყოველ 1000 ქალიდან 204-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა. ქალებს ეკავათ ხელმძღვანელი პოსტები სახალხო განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. როგორც გამოკვლევები ადასტურებს, სწორედ ქალები გამოირჩეოდნენ საქმისადმი ერთგულებით, კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, მაღალი პროფესიონალიზმით და ხელმძღვანელობის კარგი უნარით.
საქართველოში 1990 წლის ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე ქალები ჩაბმული იყვნენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ საქმიანობაში. ქალთა შრომით საქმიანობაში ჩაბმის მასშტაბები განსაკუთრებით მაღალი იყო სოფლის მეურნეობაში, საზოგადოებრივი კვების სისტემაში, კომუნიკაციების სფეროში და მრეწველობის რამდენიმე დარგში (მსუბუქი, კვების, ქიმიური და ნავთობ-ქიმიური მრეწველობა), აგრეთვე ეკონომიკის ყველა ძირითად არაინდუსტრიულ სექტორში.
ეროვნული ეკონომიკის ე.წ. მამაკაცურ სექტორშიც კი (მშენებლობა, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა, საშენი მასალები და ა.შ.) ქალთა მონაწილეობამ 30-40%-ს მიაღწია.
ქალები უმრავლესობას წარმოადგენდნენ ისეთ პრესტიჟულ პროფესიებში, როგორიცაა: მასწავლებელი, ექიმი, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი, მსუბუქი და კვების მრეწველობის ინჟინერი. ზოგადი განათლების დონით და პროფესიული კვალიფიკაციით ქართველი ქალები ლიდერობდნენ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ქალებს შორისაც.
შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სექტორებში ქართველ ქალებს ჰქონდათ კონკრეტული ასპარეზი და შესაძლებლობები კარიერის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში, მათი მონაწილეობა მმართველობით და პოლიტიკურ სტრუქტურებში მკვეთრად შეზღუდული იყო. ქალები ძირითადად მართვის საშუალო რგოლში იყვნენ წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც მამაკაცებს თითქმის ყველა უმაღლესი პოსტი ეჭირათ. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბჭოთა კავშირში არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ ქალთა პრობლემა გადაჭრის პროცესში იყო და ფემინიზმის ყოველგვარი გამოვლინება ნეგატიურ ბურჟუაზიულ მოძრაობად აღიქმებოდა.
ამ პერიოდში ქალთა პრობლემებზე არსებული ინფორმაცია აგებული იყო სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებში ქალების მიმართ გატარებული პოლიტიკის დაპირისპირებაზე, თუმცა ორივე შემთხვევაში ქალთა როლი გლობალისტურ ტალღაზე აღმოცენებული ეკონიმიკური ფაქტორებით განისაზღვრებოდა. თანაც, სოციალისტური პოლიტიკა აშკარად შელამაზებული იყო. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებაში ქალის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის ასახვის, ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ხასიათის, მასშტაბებისა და აღწერის შესახებ.
სინამდვილეში სსრკ კონსტიტუციასა და სხვა კანონებში ჩაწერილი ქალთა და მამაკაცთა უფლებების ფორმალური თანასწორობა რეალური უფლებების თანასწორობის გარანტიას არ იძლეოდა. გაეროს მიერ მიღებული და 1981 წ. საბჭოთა კავშირში რატიფიცირებული კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ არ გახდა ქვეყნის საშინაო ცხოვრების კანონი. ამის რეალური მიზეზი,რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კულტურაში იდო. საბჭოთა კავშირში შემავალი ნებისმიერი ხალხის კულტურა ტრადიციებისადმი ღრმა ერთგულებას უთანაგრძნობდა გულისგულში.
ქალებმა მამაკაცებთან თანაბარ მდგომარეობას მხოლოდ რამდენიმე სფეროში მიაღწიეს, რომელთა რიცხვს განათლება მიეკუთვნებოდა. შემოღებული იქნა სავალდებულო დაწყებითი, შემდეგ კი საშუალო განათლება, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობამ გამოიწვია ქალებისა და მამაკაცების საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანდათანობით გათანაბრება, მაგრამ სოციალურმა საგანმანათლებლო პრაქტიკამ მთელი რიგი პრობლემები გამოავლინა.
საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში ქალები ჩამოცილებული იყვნენ გადაწყვეტილებათა მიღებისაგან. მამაკაცებთან შედარებით, მათ ბევრად უფრო მეტი სიძნელე ჰქონდათ პროფესიულ ზრდაში, კარიერაში, ე.ი. ქალებისთვის რეალურად მხოლოდ ჰორიზონტალური პროფესიული გადანაცვლებები არსებობდა, ხოლო ვერტიკალური – ძალაუფლების უმაღლესი ეშელონებისკენ – მამაკაცების პრეროგატივა იყო, მაგ. სხვადასხვა რანგის მამაკაც სპეციალისტებს შორის ხელმძღვანელები იყვნენ 48%, ხოლო ქალებს შორის მხოლოდ 2%. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შემცირების დროს პირველად ქალებს ამცირებდნენ.
ფემინისტი ქალები დღესაც ამ პოცესებს პროფესიულ დისკრიმინაციასა და სეგრეგაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ ყველაფრის შედეგი იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებებს შორის. 80-იანი წლების ბოლოს ქალები იმ მუშაკთა დიდ ნაწილს შეადგენდნენ, რომლებიც მინიმალურ ხელფასს იღებდნენ. ერთნაირ სამუშაო ადგილებზე, თანამდებობებზე მომუშავე მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის განსხვავება 35-40%-ს წარმოადგენდა.
ქალები ჩამოცილებული იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობიდან, ამის მიზეზი იყო ტრადიციული საზოგადოების კონსერვატულ-პატრიარქალური საფუძვლები, რომლებსაც მაღალი სიცოცხლისუნარიანობა და სოციოკულტურულ პროცესებში ქალთა ინტეგრაციაზე რეალური ზეგავლენის (ზემოქმედების) უნარი გამოავლინეს.
ქალის მიმართ პატერნალისტური პოლიტიკა ითვალისწინებდა მრავალ შეღავათსა და ოჯახების დახმარებას, რაც ძირითადად ადგილებზე ხორციელდებოდა. 90-იანი წლების დასაწყისისთვის დაწესებულებებსა და საწარმოებს მათთან მომუშავე ქალებისთვის უნდა მიეცათ 15-ზე მეტი სახეობის შეღავათი და ფულადი დახმარება.
აღსანიშნავია, რომ გარდაქმნის პერიოდის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შედეგად მომუშავე ქალების მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ, პირიქით, მკვეთრად გაუარესდა, მოხდა მათი სამუშაო ადგილებზე შემცირება.
მამაკაცები ნაკლებად მონაწილეობდნენ საშინაო მეურნეობასა და ბავშვების აღზრდაში, ამიტომ მომსახურებისა და საზოგადოებრივი კვების სამსახური ცუდად იყო განვითარებული. ამ მიმართულებით შემუშავებულმა სახელმწიფო პროგრამებმა ვერ შეძლო ქალის მაღალი საყოფაცხოვრებო დატვირთვის შემცირება.
ქვეყანაში ვითარდებოდა დედობისა და ბავშვობის დაცვის სისტემა. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა საავადმყოფოებისა და სამშობიარო სახლების ქსელი, საქორწილო-საოჯახო კანონმდებლობამ განსაზღვრა მამის მოვალეობები, საალიმენტო ვალდებულებები განქორწინების შემთხვევაში, აგრეთვე ცოლისა და შვილების უფლებები ქონებაზე. გათანაბრდა ქორწინებაში და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების უფლებები.
საბჭოთა სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა და შეიქმნა ბავშვთა საზოგადოებრივი აღზრდის სისტემა. მართვის ცენტრალიზაციისა და გეგმიანობის მიუხედავად, ბავშვების აღზრდის პრობლემა სხვადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვანაირად წყდებოდა. ამ სფეროში ქალთა საკითხში სახელმწიფო პოლიტიკისთვის დეკლარაციულობა იყო დამახასიათებელი. იგი არ ითვალისწინებდა სხვადასხვა რეგიონის სპეციფიკურობას, განსხვავებული ცხოვრების წესს.
ამგვარად, საბჭოთა პერიოდში ქალთა საკითხში სახელმწიფო პოლიტიკისათვის დამახასიათებელი იყო:
• საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქალების მონაწილეობის უფლებების საკანონმდებლო აღიარება;
• სქესთა თანასწორობის პრინციპის რეალიზაციის მიზნით ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება;
• ქალის არა მარტო დედობრივი, არამედ სოციალური ფუნქციის აღიარება;
• ქალების სტატუსის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის დეკლარაციული ხასიათი.
მაგრამ ქალებისა და მამაკაცების რეალური თანასწორობის მიღწევას არსებითად ხელს უშლიდა შემდეგი ფაქტორები:
- ქალთა პრობლემების დამოუკიდებელი სტატუსის მასკულინური უარყოფა, მათი კლასობრივი ინტერესებისადმი დაქვემდებარება, ქალთა მოძრაობის იდეოლოგიის შთანთქმა კლასობრივ-პარტიული იდეოლოგიით, რაც მთელი საბჭოთა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი;
- ქალზე მამაკაცი-პატრიარქის ძალაუფლების ტოტალიტარული სახელმწიფოს ძალაუფლებით შეცვლა;
- ქალების ჩამოშორება გადაწყვეტილებათა მიღებისაგან საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში, სიძნელეები პროფესიულ ზრდაში, კარიერაში, ე.ი. მათთვის მხოლოდ ჰორიზონტალური პროფესიული გადანაცვლების რეალური შესაძლებლობა, ხოლო ვერტიკალური – ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისაკენ გადანაცვლება მამაკაცთა პრეროგატივა იყო;
- ქალების ჩამოცილება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობისაგან;
"ქალთა" პოლიტიკის ეფექტური სოციალური პოლიტიკით განმტკიცების არარსებობა; ქალების საყოფაცხოვრებო საქმეებით დატვირთვის მაღალი დონე.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო პოლიტიკა ქალების მიმართ პატერნალისტურ-დეკლარაციულ ტიპს განეკუთვნება.
90–იანი წლები და ე. წ. „ტრანსფორმირებადი საზოგადოება“
გარდამავალი პერიოდის დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკურ ცვლილებებს პოლიტიკური ქაოსი და ცხოვრების პირობების უკიდურესი გაუარესება მოყვა. დაირღვა ღირებულებათა ადრე არსებული სისტემა, რასაც არ მოჰყოლია ღირებულებათა ახალი სისტემის შექმნა. რადიკალურმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა ღრმა კვალი დააჩნია ადამიანთა ცხოვრების წესს. სათანადო გამოცდილებასა და სამართლებრივ დაცვით მექანიზმებს მოკლებული მოქალაქეები მოულოდნელად რისკის სიტუაციაში აღმოჩნდნენ – ინიციატივისა და პასუხისმგებლობის სიმძიმის ცენტრმა სახელმწიფოდან მათზე გადაინაცვლა. მოშლილი ეკონომიკისა და ქაოტური სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების პირობებში პიროვნებისათვის, ფაქტობრივად, უმთავრეს პრობლემად ახალ ისტორიულ ვითარებასთან შეგუება იქცა.
პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და შეიარაღებულმა კონფლიქტებმა მამაკაცებზე და ქალებზეც იქონია მძიმე გავლენა. მამაკაცები წაგებული ომის სუბიექტების უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარებაში აღმოჩნდნენ, რაც მათი ნების პარალიზების საფუძველი გახდა. ქალები კი ომის დროს ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. იმავე კონფლიქტებმა გამოიწვია კონფლიქტების ზონებიდან მიგრაციის რთული პრობლემა* (ლტოლვილთა 54,4% ქალია, მათგან – 97% აფხაზეთიდან, ცოტა ამაზე ნაკლები - ცხინვალის რეგიონიდან). აღნიშნულმა პირობებმა შეცვალა ქალთა ცხოვრების სტილი, ხელი შეუშალა მათ პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყული აღმოჩნდა მოსახლეობის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ინტერესებიც არასრულყოფილად აისახა ახალ ინსტიტუტებში.
მკვეთრად შემცირდა როგორც დასაქმებულ მამაკაცთა, ისე ქალთა რიცხვი (1989-94 წლებში 1250 ათასიდან 750 ათასამდე). ამის გარდა, დასაქმების მეტ–ნაკლებად ცოცხალ სფეროებში (სკოლა და სასწავლო დაწესებულება და მეორეს მხრივ, კვების მრეწველობა) დაბალმა ანაზღაურებამ გამოიწვია ოჯახების მნიშვნელოვანი გაღატაკება. ზემოთაღნიშნული პროცესები ოჯახში ქალის რეპროდუქციულ ქცევაშიც აისახა, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე.
ბოლო პერიოდში მოხდა სქესობრივ ურთიერთობებზე საზოგადოებრივი აზრის ლიბერალიზაცია, საზოგადოება უფრო შემწყნარებელი გახდა განქორწინების მიმართაც. აქტუალური გახდა ერთსქესიანთა „რომანტიული“ ურთიერთობები. ამან ბუნებრივად შეასუსტა წყვილთა ურთიერთობების ოფიციალური რეგისტრაციის აუცილებლობა, რაც აისახა ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისი მაჩვენებლების შემცირებით.
და მაინც, ქალები უფრო მომზადებულები აღმოჩნდნენ მწვავე კრიზისის გადასატანად. ოჯახის გადარჩენის მიზნით ქალთა უმრავლესობამ ხელი მიჰყო არარეგისტრირებულ ბიზნესს (ცხობა, წვრილი ვაჭრობა, შრომითი მიგრაცია). დღეს ხშირად, სწორედ ქალი ხდება ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. თუმცა ეს მას ძვირად უჯდება - იცვლება მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნირი და ხელი ეშლება არა მხოლოდ მის, არამედ მისი მეუღლისა და შვილების პიროვნულ, საზოგადოებრივ და სოციალურ განვითარებას. მაგრამ რადგან სიცოცხლის უმთავრესი ინსტიქტის მატარებელი ქალი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს თავის ინტერესებზე ან მათ ლობირებაზე, ამის შედეგად საზოგადოება კარგავს მოსახლეობის საკმაოდ დიდ სეგმენტს, რომლის ინტერესები ადეკვატურად არ აისახება ახალ ინსტიტუტებში. მეორე მხრივ, იკარგება განათლებული კადრები, პროფესიონალები; კადრების დანაკარგი და სქესთა დისბალანსი დასაქმების სფეროში კი გარკვეულად ხელს უწყობს სოციალურ უკმაყოფილებას და სოციალურ–პოლიტიკურ არასტაბილურობას.
ამ პროცესების რეგულირებას ცდილობს ქალთა უფლებების თემაზე არსებული საერთაშორისო და სახელმწიფი საკანონმდებლო აქტები, რომელიც გლობალიზაციის ეკონომიური მოთხოვნების შესაბამისად ძირითადად ქალების უფლებების მიმართ იჩენს მეტ ყურადღებას. საქართველოშთვის კი ასევე ძალზე მნიშვნელოვანია უამრავი ომისა და კრიზისის პირობებში ნებაპარალიზებული მამაკაცის მიმართ ყურადღებაც.
3. საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები და ეროვნული მექანიზმები
ოჯახის და მასში გენდერული როლის ისტორიული და თანამედროვე სოციალური მდგომარეობის ანალიზი სხვადასხვა ქვეყანაში ასაბუთებს, რომ ეს პრობლემები ინტერნაციონალური ხასიათისაა და გამოიხატება ყოველი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების დონით და რომ ამ პრობლემების რეალიზაცია მოითხოვს არა მხოლოდ ყოველმხრივ ახალ მიდგომას ოჯახის მიმართ, არამედ სახელმწიფოს და კანონების მხარდაჭერასაც.
საქართველოში ამ მხრივ სახელმწიფოს ან არასამთავრობო სექტორის მხრიდან ქალთა უფლებების მიმართ გამოხატული ინტერესი აშკარად აღემატება ოჯახის მიმართ გამოხატულ ინტერესს.
საქართველოს ქალთა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს და ეროვნული კანონმდებლობისა და რეალურად მოქმედი მექანიზმების შემუშავებას.
ეს საკანონმდებლო აქტები უკვე 90–იანი წლებიდან იწყებს ფუნქციობას.
საქართველო 1994 წლის 22 სექტემბერს შეუერთდა კონვენციას „ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ, რითაც მან ვალდებულება აიღო, რომ „მიიღებს ყველა საჭირო ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, სახელდობრ, ქალებისათვის მამაკაცებთან თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს არჩევნებსა და საჯარო რეფერენდუმებში ხმის მიცემის უფლებას, საჯაროდ არჩეულ ორგანოებში კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას და მონაწილეობას მთავრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და იმის შესაძლებლობას, რომ დაიკავონ სახელმწიფო პოსტები და შეასრულონ ყველა სახელმწიფოებრივი ფუნქცია ნებისმიერ სამთავრობო დონეზე, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებით“. (მუხლი 7) .
1995 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მე-14 პუნქტში ნათქვამია: „ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა ან საცხოვრებელი ადგილისა“.
პარლამენტში შეიქმნა ადამიანის დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტი და დედათა, ბავშვთა და ოჯახის უფლების დაცვის სპეციალური ქვეკომიტეტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. აღმასრულებელ მთავრობაში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა განყოფილება, ომბუცმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიენიჭა ფართო უფლებამოსილება ადამიანთა უფლებების დაცვის კონტროლის საქმეში. ამ განყოფილების სამუშაოს სფეროში შევიდა განსაკუთრებით გააქტიურდა ქალთა უფლებების საკითხები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა პარლამენტარ ქალთა ჯგუფების შექმნა. 1992 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა პარლამენტარ ქალთა კლუბი. კლუბის მოქმედების გეგმაში ასახულია პეკინის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის პლატფორმის თორმეტივე პრიორიტეტი.
1995 წელს დაიწყო გაერთიანებული ერებისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის – "გენდერული განვითარება" განხორციელება. აღნიშნული პროგრამა, ძირთადად, პეკინის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმებისა და პეკინის ქალთა კონფერენციიდან გამომდინარე შეხედულებების საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ინიციატივით მომზადდა პროექტი საქართველოს ქალთა მდგომარეობის და მათი პრობლემების შეფასების შესახებ. მომზადდა ცნობარი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. მუშაობა დაიწყო ახალმა პროგრამამ - 'ქალები განვითარების პროცესში. ჩატარადა ქალთა პრობლემებისადმი მიძღვნილი სემინარები და კონფერენცია, განხორციელდა გენდერულ პრობლემებთან დაკავშირებული გამოკვლევა, გამოიცა ბროშურები, მომზადდა სატელევიზიო და რადიო გადაცემები.
გაეროში გაიგზავნა ანგარიში საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის და კონვენციის ცხოვრებაში გატარების შესახებ. უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებების განყოფილებამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამები ყველა სფეროში ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
1996 წელს საქართველო შეუერთდა კონვენციას “მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ”, 2002 წელს.
“ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის' შესახებ” დამატებით ოქმს და იმავე კონვენციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესწორების რატიფიცირების თაობაზე”.
სამოქმედო პლატფორმა, რომელიც პეკინის ქალთა კონფერენციაზე იქნა მიღებული, ითვალისწინებდა 1997 წლის ბოლოსათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას ყველა სახელმწიფოს მიერ, შესაბამის ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა პეკინის სამოქმედო პლატფორმის განხორციელებას.
კონფერენციაზე, რომელიც 1998 წლის 24 აპრილს ჩატარდა, მიღებული იქნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა საქართველოში 1998-2000 წლებში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, "ქალები განვითარების პროცესში", რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა დამტკიცებული. სამოქმედო გეგმა პეკინის პლატფორმის თორმეტი პრიორიტეტიდან შვიდს მოიცავს.
სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანი იყო გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. იგი ითვალისწინებდა აგრეთვე ქალთა დახმარების აუცილებლობას გარდამავალ პერიოდში არსებულ სოციალურ პრობლემათა გადაჭრასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს კონკრეტული ცვლილებების შეტანას კანონმდებლობაში. (ქალთა მდგომარეობა საქართველოში. გაეროს განვითარების პროგრამა, თბ., გამომც. "ნეკერი", 2000 წ.).]
ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმის დაფუძნება უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო გენდერული თანასწორობის და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.
მეტიც, 1999 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული სპეციალური ზომები ადასტურებს გენდერული პრობლემის გადაჭრის პოლიტიკურ ნებას.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების საპასუხოდ სახელმწიფომ გამოსცა სპეციალური ბრძანებულება, რომელიც მიმართული იყო ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისაკენ.
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის #511, 1999/11/05 ბრძანებულება – “საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ”, დარჩა ფორმალურ პასუხად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციებზე და უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ქალთა წინსვლაზე.
“ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დეკლარაციის” საპასუხოდ გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის #64, 2000/25/02 ბრძანებულება და დამტკიცდა 2000-2002 წლების “ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული გეგმა”.
მიუხედავად ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, გარდამავალ პერიოდში ოჯახის სტაბილურობის ზრდის და ეკონომიური წინსვლის თვალსაზრისით დიდი ძვრა არ მომხდარა.
2003 წლის 23 ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი ადმინისტრაციული ცვლილებები. ამ ცვლილებებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ისევ და ისევ ქალთა და არა ოჯახის საკითხზე – მართალია, უშიშროების საბჭოსთან არსებული ქალთა წინსვლის კომისია 2004 წლის იანვარში გაუქმდა, მაგრამ მის სანაცვლოდ ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭო.
დღეისათვის საქართველოში ქალთა ასზე მეტი არასამთვარობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალთა პრობლემატიკის წინა პლანზე წამოწევის, გენდერული ბალანსის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირებისა და ლობირების საქმეში. მათი საქმიანობა აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა პრობლემათა პრიორიტეტების მიშვნელობა ქართველი ქალებისათვის. თუ რეფორმების საწყის ეტაპზე, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ისინი ყურადღებას ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებზე ამახვილებდნენ, ბოლო პერიოდისათვის (განსაკუთრებით, 1995 წლის პეკინის კონფერენციის შემდეგ) გაიზარდა მათი აქტიურობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, პოლიტიკური და სამრთლებრივი რეფორმების, ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიმართულებით. მაგრამ ეს ორგანიზაციები, როგორც წესი, მხოლოდ ქალებისაგან შედგება და, შესაბამისად, არ არის გენდერულად დაბალანსებული. ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს ქალების პრობლემის ირგვლივ კონცენტრაციას, მაგრამ, მეორე მხრივ, სერიოზული დაბრკოლებაა გენდერული ბალანსის მიზნით მამაკაცებისა და ქალების ერთობლივი მუშაობის გზაზე. გარდა ამისა, ალბათ, აუცილებელია გაიზარდოს ამ პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერების რიცხვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალთა თემაზე მსოფლიოში არსებული გამოკვლევების განზოგადებას და ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებას, აგრეთვე ეროვნული კლევების ჩატარებას და ამ დარგში ქართული სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას.
ოჯახი, როგორც ღირებულებითი კონფლიქტის სივრცე უახლეს დროში
ხალხის ცნობიერებაში ფეხმოკიდებულია აზრი იმის შესახებ, რომ ქალის სოციალური და საზოგადოებრივი აქტივობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, ურთიერთობებზე ოჯახში და ა.შ. ასეთი წარმოდგენები ქალებშიც და მამაკაცებშიც გარკვეული დანაშაულის გრძნობას იწვევს და მათ პროფესიულ ზრდას უშლის ხელს. ოჯახი თავისთავად კომლექსებისა და კონფლიქტების აღმოცენების „ადგილი“.
გამუდმებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კამათი არა მხოლოდ ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლზე, არამედ ახალ დროში უკვე დაკარგულ მათ ძველ საზოგადოებრივ ფუნქციაზეც. სხვადასხვა ეპოქაში მას სხვადასხვანაირად აფასებდნენ. თანამედროვე საზოგადოებაშიც არსებობს საპირისპირო შეხედულებები ქალისა და მამაკაცის სოციალურ ფუნქციაზე. მიმდინარეობს აქტიური დებატები მხოლოდ ქალის როლისა და სტატუსის შესახებ. საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში უფრო ქალის ან სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა დგას, ვიდრე ოჯახის, როგორს სოციო–კულტურული სივრცის მყარი სტრუქტურული ერთეულის. ამასთან ცხადია, რომ ეგალიტარული თეორიის ცხოვრებაში გატარება თვით ცხოვრებით არის ნაკარნახევი. სამუშაო დროის დანახარჯის ორი მესამედი ქალების წილად მოდის, მსოფლიოში ყოველ მესამე ოჯახს ქალი ინახავს და მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხზე ერთგვაროვანი შეხედულება არ არის.
მესამე ათასწლეულის დადგომა რადიკალური ცვლილებებით აღინიშნება, რაც საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ ახალი ცივილიზაციის წარმოშობაზე, რომელშიც წარსულის კულტურულ ტრადიციათა მრავალფეროვნება შერწყმული იქნება ადამიანთა ურთიერთობებისა და საზოგადოების მოწყობის უნივერსალურ საფუძვლებთან.
თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების გაგება შეუძლებელია უფრო ზოგადი სოციალური პრობლემების, მათ შორის მოდერნიზაციის, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პრობლემების გათვალისწინებისა და ანალიზის გარეშე.
დღეს ტერმინს "გლობალობა" ძირითადი კოდური მნიშვნელობა ენიჭება. მას უამრავი დატვირთვა აქვს – მსოფლმხედველობრივი, მეცნიერული, იდეოლოგიური, კულტურული და სხვ. გლობალიზაცია, როგორც პრინციპი, მოითხოვს ადამიანის, საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთკავშირების ერთობლიობის ერთ სტრუქტურად განხილვას. ეს სისტემა პერმანენტულად კრიზისულ მდგომარეობაშია, რადგან კაცობრიობის დღევანდელი ყოფიერებისათვის დამახასიათებელი ყველა დაძაბულობა და კონფლიქტი, კატასტროფა და აფეთქება, ასე თუ ისე, საკვლევი სფეროს საზღვრებში იყრის თავს. ამასთან დაკავშირებით ყალიბდება პლანეტაზე მიმდინარე პროცესების გლობალურად გააზრების მექანიზმი. გლობალური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ადამიანთა ცივილიზაციის არსებობა და პროგრესი არის დამოკიდებული. ამ პრობლემების გადაწყვეტა ეროვნული ძალისხმევის საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტური სისტემის საქმიანობასთან რაციონალური შერწყმის მეშვეობით არის შესაძლებელი. მეცნიერ-გლობალისტების აზრით, გლობალურ პრობლემებს ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო მასშტაბი აქვს, გამოირჩევა კომპლექსურობით, დინამიზმით, სიმწვავით. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მათი წარმოშობა და განვითარება განაპირობა, ერთი შეხედვით, განსხვავებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ტექნიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, ბუნებრივი პროცესების ურთიერთქმედებამ და ურთიერზეგავლენამ. ისინი გამოხატულებას პოულობს მორალურ-ეთიკურ, მსოფლმხედველობრივ, ფილოსოფიურ შეხედულებებსა და კონცეფციებში, რომელთა საფუძველზე გლობალურ პრობლემებს განსახვავებული სოციალურ-ეკონომიკური წყობის სახელმწიფოები სხადასხვანაირად გაიაზრებენ და მათ გადასაწყვეტად განსხვავებულ გზებსა და მეთოდებს ირჩევენ.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გააქტიურდა საზოგადოებრივ ურთიერთობათა ჰუმანიზაციის პროცესი. ოჯახის პრობლემაც კაცობრიობის განვითარების გლობალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნა. მსოფლიო თანამეგობრობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ოჯახში და სოციალურ სივრცეში უფლებათა იურიდიულმა თანასწორობამ, რომლისთვისაც ამდენი ძალა და ენერგია იქნა დახარჯული, მოლოდინი ვერ გაამართლა. თანასწორობა კანონით ფაქტობრივ თანასწორობას ყოველთვის არ ნიშნავს.
საზოგადოებრივმა პრაქტიკამ სოციალური თანამშრომლობის სფეროში ცხადყო, რომ იურიდიული უფლებებისა და თავისუფლებების მთელი კომპლექსის არსებობის პირობებშიც კი მოსახლეობის გარკვეულ ფენებს, სოციალური ან ფიზიოლოგიური მიზეზების გამო, არა აქვთ არსებობისა და მოქმედების თანაბარი შესაძლებლობანი, რის გამოც ისინი სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ სამართლებრივ დაცვას საჭიროებენ და, შესაძლოა, წარმოადგენენ სამართლებრივი ურთიერთობების დამოუკიდებელ სუბიექტებს. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალში გაჩნდა კიდევ ერთი მიმართულება ე.წ. "ადამიანთა უფლებების მესამე თაობა", რომელიც მიზნად ისახავს ცალკეული სოციალური ჯგუფების სასიცოცხლო შესაძლებლობების გაფართოებას.
"ადამიანთა უფლებების მესამე თაობის" ყურადღების ცენტრში ისევ ქალები არიან მოქცეულნი. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ორი სქესის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში, საზოგადოებაში კვლავ არსებობს ქალების დისკრიმინაცია, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა და ზიანს აყენებს მსოფლიო ცივილიზაციის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარების პროცესებს.
მოიპოვეს რა მამაკაცებთან თანასწორი პოლიტიკური უფლებები, ქალები სულ უფრო დიდ წარმატებებს აღწევენ პოლიტიკურ საქმიანობასა და მართვის საქმეში. მათ ხელმძღვანელი პოსტები უკავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებსა და მთავრობებში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოძრაობებში. პოლიტიკა, რომელიც სულ ახლო წარსულში მამაკაცთა საქმედ ითვლებოდა, დღეს ბევრი ქალის ცხოვრებისეულ ორიენტირად იქცა, მაგრამ, არცთუ იშვიათად, საზოგადოებრივი ცნობიერება ქალთა პოლიტიკურ კარიერას სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ოჯახის სტრუქტურის რღვევის ხარჯხე მიმდინარეობს. ხშირად თვითონ ქალებიც გარკვეული ეჭვის ქვეშ აყენებენ თავიანთი პოლიტიკური კარიერის შესაძლებლობებს. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ პოლიტიკა წარმოადგენს იმ სფეროს, სადაც ყველაზე უფრო თვალნათლივ იგრძნობა დაპირისპირება ქალთა იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობაში და ოჯახის სტრუქტურის რღვევის პარალელურად მაინც ვერ ხეხრდება სოციალურ ველში გენდერული ბალანსის დამყარება.
საზოგადოების ცვლილების კონცეფციები და პროგრამები ითვალისწინებს საზოგადოებრივი ცნობიერების, პოლიტიკისა და მართვის გარკვეულ მოდელებს. ვარაუდობენ, რომ სულიერი, პოლიტიკური და მმართველობითი ზემოქმედების ობიექტს თვითგანვითარების უნარი აქვს, ხოლო სუბიექტმა ისეთი ზემოქმედება უნდა მოახდინოს თვითრეგულირების მექანიზმებზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ თავისუფალ განვითარებას. საზოგადოების განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ თეორია ყოველთვის არ პასუხობს იმ კითხვებს, რომლებსაც სოციალური სინამდვილე აყენებს და მისი განხორციელება დამოკიდებულია სოციალურ-ისტორიულ სოციალურ-კულტურულ და სხვა ფაქტორებზე, რომელთა მოქმედების როლისა და შედეგების წინასწარ გამოცნობა საკმაოდ რთულია. ეს გახლავთ კულტურისა და ახალი გამოწვევების კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც პირდაპირ აისახება კულტურის ერთერთ ღირებულებით საზრისზე –ოჯახზე.
დღევანდელი საზოგადოების სასურველი მოდერიზაციის მნიშვნელოვანი ფორმალური ნიშნებია: რადიკალურობა, ცვლილებათა კომპლექსურობა, განვითარების კოჰერენტულობა, რაც საზოგადოების ყველა ქვესისტემის ცვლილებას ნიშნავს. მოდერნიზაციის ნიშნებს შორის გამოყოფენ: ეკონომიკურ ზრდას, პოლიტიკური მმართველობის წარმომადგენლობით სისტემას, კულტურაში სეკულარულ ნორმებს, სოციალური და სივრცული მობილურობის მაღალ მაჩვენებელს, წარმატებისაკენ სწრაფვას, ემპათიას, როგორც თანამედროვე პიროვნების მნიშვნელოვან თვისებას.
ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში დაწყებულია პოლიტიკის ფემინიზაცია. სულ უფრო ხშირად წინა პლანზე გამოდის ე.წ. "სათათბირო დემოკრატია", ხოლო ამოსავალ პრინციპებად გვევლინება თანასწორობა პოლიტიკურ სფეროში, ხელისუფლების გადანაწილება, უარის თქმა წმინდა მამაკაცურ წარმომადგენლობაზე, პოლიტიკის ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია. ასე რომ, ქალებს კი აქვთ შესაძლებლობა მრავალფეროვნება და ზნეობრივი საწყისი შეიტანონ პოლიტიკაში, თუმცა ხშირად ისევ ტრადიციული ღირებულებების ხარჯზე მიმდინარეობს. გარდაქმნათა გზაზე ბევრი დამაბრკოლებელი მიზეზია. მხოლოდ ერთი გაფიქრებაც კი იმის შესახებ, რომ ქალები შეიძლება მონაწილეობდნენ ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ისეთებში, სადაც მხოლოდ ძლიერი და მკაცრი მამაკაცები საქმიანობენ, მათ მძაფრ წინაღმდეგობას იწვევს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს ოჯახი, როგორს სოციო–კულტურული სისტემა კონფლიქტურ რეჟიმში ცხოვრობს და ახალ, ნამდვილ ღირებულებით საყრდენებს საჭიროებს.
ლელა იაკობიშვილი
0 коммент.:
Post a Comment